როგორც კანონპროექტის ავტორი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ამბობს პირველი შეხედულებები რომელიც კერძო ბიზნესმენების მხრიდან წამოვიდა პოზიტიურია, ხოლო დამსაქმებელთა მცირე ნაწილის უკმაყოფილება ისედაც მოსალოდნელი იყო.
ცვლილებების პროექტში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის, მათ შორის არის პუნქტები, რომელიც შრომის აქამდე არსებულ კოდექსში საერთოდ არ არსებობდა. ერთ–ერთი ასეთი ცვლილება უვადო ხელშეკრულებების შემოღებაა გამონაკლისი შემთხვევების გარდა:
“სპეციალური შემთხვევების გარდა ყველა ხელშეკრულება იქნება უვადო. ადრე იყო ასეთი მიდგომა, რომ არსებობდა 15 დღიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი ხელშეკრულებები, ახლა კანონმდებელმა ჩაწერა, გამონაკლისები რა დროს შეიძლება დაიდოს ასეთი ხელშეკრულება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ყველა ხელშეკრულება არის უვადო”, – განმარტავს იურისტი დავით კლდიაშვილი, მისი თქმით ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით და კვირაში 48 საათზე მეტხანს მუშაობის შემთხვევაში დასაქმებული ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას მიიღებს:
“ასევე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ აბსოლუტურად უქმდება ის ინსტიტუტი რასაც ერქვა ხელშეკრულების მოშლა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. შემოთავაზებულ შემთხვევაში უკვე არსებობს ის წინაპირობები, რაც უნდა უძღვოდეს წინ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას”, – აცხადებს დავით კლდიაშვილი.
კანონპროექტის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს სოციალურ ქსელ facebook-ზე გამოეხმაურა, მისი თქმით ეს ინიციატივა უმუშევრობის დაძლევას ხელს შეუშლის:
“ახალი ინიციატივის მიხედვით, დამსაქამებელს, დასაქმებულის უარგუმენტოდ გათავისუფლება აღარ შეეძლება. მე ვარ დამსაქმებელი. ვეძებ ნიჭიერ და შრომისმოყვარე კადრებს – გამოცდილებას ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ, იმიტომ რომ ხშირად, ეს გამოცდილება მანკიერია (ამის თქმის შესაძლებლობას ჩემივე გამოცდილება მაძლევს). ასეთი კადრების მოძიებისთვის საუკეთესო გზა გამოვნახე – სამსახურში ამყავს თითქმის ყველა, ვინც პირველად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს და პროცესში ვაკვირდები. შემდეგ, ან ვიტოვებ, ან ვითხოვ. დღევანდელი შრომის კოდექსის მოქნილობა ამის შესაძლებლობას მაძლევს. შემოთავაზებული ცვლილებები მე მოქნილობას მიზღუდავს. თუ ადამიანის სამსახურიდან დასათხოვად, საფუძველი უნდა ვეძებო (რაც თავისთავად საკამათო რამეა – რა არის საფუძველი?) თავს შევიკავებ ერთი ხელის მოსმით ადამიანების დაქირავებისგან. ეს კი შესაძლებლობას მოუსპობს ახალგაზრდა და ნიჭიერ კადრებს, თავი გამოავლინონ”, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილის.
როგორც ალექსანდრე ბარამიძემ “მაესტროს” პრეს–კლუბში საუბრისას განაცხადა მოსალოდნელი იყო, რომ “ტაბულას” მოსაზრებები მათ მოსაზრებებს არ დაემთხვეოდა:
“ყბადაღებული წესი ქართული კანონმდებლობის, რომელიც არ მოსწონდა არავის ერთი–ორი ბიზნესის გარდა, როდესაც დამსაქმებელს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გაათავისუფლოს მუშაკი სამსახურიდან ისე, რომ არ დაასაბუთოს, არ აუხსნას რატომ, რა არ მოეწონა და ა.შ. ეს იყო ყველაზე არაცივილიზებული წესი და ეს წესი ჩვენ შევცვალეთ”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. მისი თქმით ცვლილებების პროექტის პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ როგორც დიდი, მცირე და საშუალო ბიზნესის გაერთიანებების ხელმძღვანელები, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი სარა უილიამსონი და მათ ეს ცვლილებები წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.
როგორც მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოხრეიძე აცხადებს იმის გამო, რომ ქართული შრომითი კანონმდებლობა დახვეწილი არ იყო კომპანიების ნაწილი საკუთარ თანამშრომლებს ხელშეკრულებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უფორმებდა, რადგან ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელთა უფლებები დაცული იყოს:
“ცნობილი გერმანელი ბიზნესმენის რობერტ ბოშის ნათქვამია ‘მე არ ვიხდი მაღალ ხელფასებს იმიტომ რომ ბევრი ფული მაქვს, მე მაქვს ბევრი ფული იმიტომ, რომ ვიხდი მაღალ ხელფასებს’ – ეს პრინციპი ადასტურებს იმას, რომ ის ზრუნავდა თავის თანამშრომლებზე “ექსპლუატაციას” კი არ უწევდა ვინმეს. თუნდაც მინიმალური ხელფასის სტანდარტი, თუნდაც იმის განცდა რომ უმიზეზოდ სამსახურიდან არ დაითხოვენ უნდა ჰქონდეთ თანამშრომლებს და ეს კომპანიისთვისაც კარგია”, – აცხადებს კახა კოხრეიძე, თუმცა მისი თქმით ქართულ რეალობაში შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე მეტად პრობლემური, შრომითი და სამართლებრივი სტანდარტების რეალობაში დანერგვა და ამოქმედება იქნება.
ნათია 28 წლისაა, ის მეორე წელია სურსათის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს, მისი სამუშაო დღე 08:30 საათზე იწყება და 21:30 საათზე მთავრდება, ის კვირაში 6 დღის განმავლობაში დღეში 13 საათს მუშაობს რაც ჯამში 78 საათს შეადგენს:
“გაფორმებული მაქვს ჩვეულებრივი ხელშეკრულება, ადრე კაზინოში ვმუშაობდი და ვიცი რომ სამუშაო დღე 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ მაღაზიაა და უფრო მეტხანს გვიწევს მუშაობა, არამგონია ჩემი ხელფასი შეიცვალოს, შრომის კოდექსი აქამდეც არსებობდა მაგრამ არავის არ ანაღვლებს”, – ამბობს ნათია.
ლიკა 36 წლისაა, ის სილამაზის სალონში მუშაობს კვირაში 7 დღის განმავლობაში, დილის 10–დან საღამოს 10 საათამდე:
“შაბათ–კვირას არ ვისვენებთ, ხალხს ამ დღეებში უფრო სცალია და უფრო მეტი მუშაობა გვაქვს, მარტო მაშინ ვისვენებ როცა გადაუდებელი საქმე მაქვს, სხვა დღეებში სულ ვმუშაობ. ზოგიერთ სალონში ფართი აქვთ დაქირავებული და გამომუშავებაზე არიან, მაგრამ ეს სალონი სხვას ეკუთვნის, ამიტომ მე ხელფასს ყოველთვიურად ვიღებ”, – აცხადებს ის, შრომის კოდექსზე ცვლილებების შემთხვევაში სამუშაო გრაფიკის გაპროტესტებას არ აპირებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ხელფასს არავინ გაუზრდის და შესაძლოა საერთოდ სამსახურის გარეშე დარჩეს.
დაახლოებით იგივე განაცხადეს “ნეტგაზეთთან” საუბრისას საცხობის, ოპტიკისა და საკანცელარიო მაღაზიების თანამშრომლებმა. მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება. აღნიშნული ობიექტების ხელმძღვანელებმა ჩვენთან გასაუბრება არ ისურვეს, მხოლოდ სილამაზის სალონის მენეჯერი შემოიფარგლა მოკლე კომენტარით “ესენი[თანამშრომლები] იმაზე მეტს იღებენ ვიდრე მუშაობენ, წერეთ და იკითხეთ რამდენიც გინდათ”.