ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებები ალასანიას გადაყენებაზე

23 იანვარი, 2013 •
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებები ალასანიას გადაყენებაზე

„უთანხმოება არანაირად არ არის ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში, ეს არის პრემიერის გადაწყვეტილება. ვიცე-პრემიერის დანიშვნის პრეროგატივა სწორედ მას ეკუთვნის. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონ ირაკლი ალასანიას ძალიან ბევრი საქმე აქვს თავდაცვის უწყებაში და რაც უფრო სიღრმისეულად შედის არსებულ ვითარებაში და ამოცანები ისახება, მით უფრო რწმუნდება ბატონი ირაკლი, რომ ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი დრო და რესურსი.

 

შესაბამისად, ასევე საჭირო არის მნიშვნელოვანი დრო და რესურსი იმისთვის, რომ მან ვიცე-პრემიერის ფუნქციები შეასრულოს და, როგორც ჩანს, საქმიდან გამოჩნდა, რომ ბატონი ირაკლი ვერ გაწვდება ორივეს ერთდროულად, მიუხედავად მისი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ენერგიისა. ამიტომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბატონმა ირაკლიმ მეტი დრო დაუთმოს და კონცენტრაცია მოახდინოს თავდაცვის უწყების განვითარებაზე, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და, შესაბამისად, სწორედ ამ მიზეზით იყო გამოწვეული ეს ყველაფერი.“

 

კითხვაზე, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული ალასანიასა და ივანიშვილს შორის, სესიაშვილი პასუხობს, რომ იყო.

 

იმავე მიზეზებზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი  წევრი, იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე:

 

„მე სულ რამდენიმე წუთის წინ მედიის საშუალებით, აი, რადიოში მოვისმინე ეს ამბავი. მე არა მგონია, რომ რაიმე უთანხმოება არსებობდეს, ალბათ, უბრალოდ, ასე უფრო მიზანშეწონილად ჩაითვალა. შესაძლებელია უბრალოდ იმხელა დატვირთვა აქვს თავდაცვის მინისტრს, რომ მისთვის შეთავსება კიდევ სხვა თანამდებობისა, უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია. მე უფრო მგონია ასე. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა თავდაცვის სამინისტროში, რასაც ძალიან სერიოზულად არის მოკიდებული ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მე ვფიქრობ, აი, ამ ფონზე უკვე ძნელია მისთვის, ვთქვათ, იმავდროულად ვიცე-პრემიერის ფუნქციის განხორციელება.”

 

მისივე თქმით, მას უთანხმოების შესახებ არ სმენია:

“მე არ მგონია, რომ რაიმე უთანხმოება შეიძლება არსებობდეს. ყოველ შემთხვევაში, ამგვარის არსებობის შესახებ ჩემთვის დღემდე არავითარი მინიშნებითაც კი რაიმე ცნობილი არ არის. ასე რომ, ფაქტობრივად, გამოვრიცხავ.“

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის თანამდებობას აღარ იკავებს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოსცა.

 

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წევრს ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის #24 ბრძანებაში.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს ბრძანება 21 იანვარს გამოიცა და ამაზე განმარტებებს ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის დღეს დავოსში გააკეთებს, სადაც  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი