ახალი ამბები

შოთა ხიზანიშვილი მერის მოადგილის პოსტს დაუბრუნდა

23 იანვარი, 2013 •
შოთა ხიზანიშვილი მერის მოადგილის პოსტს დაუბრუნდა

“შოთა ხიზანიშვილმა, რომელსაც წინასწარი პატიმრობის გამო სამსახურეობრივი უფლებამოსილება დროებით ჰქონდა შეჩერებული თბილისის მერის მოადგილის პოსტზე,  მუშაობა დღეიდან გააგრძელა.”– ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილი თბილისის მერის მოადგილედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა, მანამდე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

 

შოთა ხიზანიშვილი სამართალდამცავებმა 2012 წლის 15 ნოემბერს დაკაავეს. მას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით  და 158-ე მუხლით, მუხლები ითვალისწინებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და კერძო ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას. 

 

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ ეხება შოთა ხიზანიშვილსაც, შესაბამისად, ის თავისუფლდება 158–ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისგან და რჩება მხოლოდ ერთი ბრალდება, რაც ითვალისწინებდა ჯარიმას, ან 3 წლამდე პატიმრობას.

 

თუმცა  16 იანვარს პროკურატურამ ხიზანიშვილს კიდევ რამდენიმე მუხლით წაუყენა ბრალდება. ესენია- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე, 373-ე მუხლის მე-ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით”.

 

აღნიშნული მუხლები ეხება პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლას; დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას, რომელსაც თან ერთვოდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნული შექმნა; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.

 

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრისთვის – ბესო სურმავასთვის 150 ათასი ევროს გადახდას კოალიცია “ქართული ოცნების” წევრების საუბრების ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების სანაცვლოდ.

 

შოთა ხიზანიშვილი 17 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გირაოს, 35 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

 

“დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ იშუამდგომლა გირაოს  შეფარდების თაობაზე  და შეეფარდა 35 ათასი ლარის გირაოს გადახდა. ხიზანიშვილი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა,”- განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსიმა ქეთი ბასილაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი