რა იცვლება საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშვებული პროეტით – კობახიძის განმარტებები

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომის დაწყებამდე, რომლის ფარგლებშიც, კომისიის წევრებმა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს კენჭი უნდა უყარონ, ირაკლი კობახიძემ შემუშავებული დოკუმენტი მიმოიხილა. კობახიძის თქმით, ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის ყველა თავს და დოკუმენტი გასწორდა როგორც იურიდიული, ისე კონცეპტუალური და შინაარსობრივი თვალსაზრისით.

ირაკლი კობახიძის თქმით,  საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავში დაიხვეწა რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ენასთან. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, განმტკიცდა სახელმწიფო ენის დაცვის კონსტიტუციური გარანტიები – ასევე, შეიქმნა ძალიან მყარი გარანტიები ჩვენი სახელმწიფო სიმბოლიკის დასაცავად. გაიწერა კონსტიტუციური სამართლის სამი ფუნდამენტური პრინციპის მნიშვნელობა – როგორიცა არის დემოკრატიის პრინციპი, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი.

“რაც შეეხება დემოკრატიის პრინციპს, აქ გვაქვს კონკრეტული ახალი გარანტიები კონსტიტუციის პირველ თავში, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, კონსტიტუციური ორგანოების მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით შემცირება ან გაზრდა არის დაუშვებელი. ამით აღიკვეთება გრძელვადიან პერსპექტივაში ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში აპრობირებული იყო გასული წლების განმავლობაში” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამასთანავე, მისი თქმით, დაწესდა კონკრეტული გარანტიები, რომ პოლიტიკური პარტიების თავისუფლება, თანასწორობა, შიდაპარტიული დემოკრატია იყოს უზრუნველყოფილი. კონსტიტუციას დაემატა განმარტებები, რომლებიც დაკავშირებულია ნორმატიული აქტების იურიდიულ ძალასთან. დამტკიცდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რაც პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, არის უმნიშვნელოვანესი ინოვაცია, რადგან ეს პრინციპი აქამდე იყო ჩაკარგული კონსტიტუციის პრეამბულაში და არ ჰქონდა შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვა.

კონსტიტუციაში სპეციალური მუხლის სახით გაიწერა ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. ამასთან, დაზუსტდა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხები და მოხდა თვითმმართველობის გარანტიების განმტკიცება.

რაც შეეხება კონსტიტუციის მეორე თავს, კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. მეორე თავში დაემატა ადამიანის ფიზიკური ხელშეუხლებლობის უფლება.

“გვაქვს უმნისნელოვანესი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება თანასწორობას. გახსნილია ის კრიტერიუმები, რომლითაც დისკრიმინაცია დაუშვებლადაა გამოცხადებული. არის ძალიან ფართოდ გაწერილი გარანტიები, რომლებიც დაკავშირებულია გენდერულ თანასწორობასთან და აქცენტია გაკეთებული როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ თანასწორობაზე. გვაქვს კონკრეტული გარანტიები, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვასა და რეალიზებასთან” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

საკონსტიტუციო ცვლილების დოკუმენტში, რომელსაც ჯენჭი საკონსტიტუციო კომისიამ დღეს უნდა უყაროს, კობახიძის თქმით, დამატებულია გარანტიები საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირდებით:

“გვაქვს ასევე გარანტიები, რომლებიც არის დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებთან. აქ არის გაწერილი სტანდარტი კონსტიტუციის შესაბამისი ჩანაწერებით. ასევე გვაქვს ახალი გარანტიები დადგენილი, რომელიც დაკავშირებულია ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული ჩანაწერების ხელმისაწვდომობასთან. ახალი სტანდარტია დადგენილი საჯარო ინტერესების შესაბამისად, ამ ინფორმაციის გამოთხოვის სტანდარტი. გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლში. გვაქვს ასევე ახალი ძირითად უფლება, ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის ძირითადი უფლება” – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

კობახიძის თქმით, დოკუმენტში ასევე გაწერილია გარანტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის და შესაბამისი მარეგულირებელი ორგნაოს ფუნქციონირების შესახებ. ამასთანავე, განისაზღვრა გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებას:

“უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი, რომელიც ეხება საკუთრების უფლებას და რომელსაც ორგანული კანონის დონეზე აჰყავს ის რეგულაციები, რომელიც დაკავშირებულია მიწაზე საკუთრების უფლებასთან. გვაქვს დაზუსტება მეოცე მუხლში, სადაც საუბარია აკადემიურ თავისუფლებაზე და ცალკე ხაზგასმითაა გამოყოფილი ეს ძირითადი უფლება. გვაქვს დაზუსტებები, რომელიც ეხება გაერთიანების თავისუფლებას. რაც შეეხება შრომის თაივსუფლებას, აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები, რომელიც უკავშირდება სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლებას.

უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება, რომელიც აქამდე არ იყო ხაზგასმით გარანტირებული კონსტიტუციის მეორე თვში.

დაზუსტება ეხება სოციალურ უფლებებსაც. მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, სადაც ძალიან მკაფიო სტანდარტია უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფით. დადგენილია, რომ სახელმწიფო დაზღვევა, როგორც ქმედითი და ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეთათვის. ცალკე მუხლად არის გამოყოფილი გარემოს დაცვა. კონკრეტული დამატებითი გარანტიებია დადგენილი. განსაზღვრულია საჯარო სივრცით სარგებლობის უფლება, როგორც დამატებითი უფლება, და ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღება  არის გარანტირებული” – თქვა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრაზეც ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაზუსტება კონსტიტუციაში ჰომოფობიური განწყობებისა და თემით სპეკულაციის აღმოსაფხვრელად გაკეთდა:

“გვაქვს დაზუსტება, რომელიც ეხება ქორწინების უფლებას. ამასთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა. მთავარი ამოცანა ამ დაზუსტების არის ის, რომ არავითარი გადასაქანი არ მიეცეს იმ სპეკულაციებს, რომელთა საფუძველზეც ღვივდება ჩვენს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობები. ამოცანა ამ დაზუსტების არის სწორედ ამ ჰომოფობიური განწობების მაქსიმალური პრევენცია. ამ მიზნით გაცხადდა შესაბამისი ინიციატივა და სწორედ ამ მიზნით აისახა შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციის 21-ე მუხლში” – ამბობს კობახიძე.

კონსტიტუციის გადახედვის პროექტში დაზუსტებები ასევე ეხება უცხოეთში მცხოვრებ საქართვლეოს მოქალაქეებსაც. ჩნდება სპეციალური ჩანაწერი, რომელიც კობახიძის თქმით,  უკავშირდება უცხოეთში მცხოვრები თანამემალულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებას:

“გვაქვს ასევე დამატებითი გარანტიები, რომლებიც უკავშირდება ომბუდსმენის დამოუკიდებლობას. აქ საუბარია იმუნიტეტზე, ასევე იმპიჩმენტის პროცედურა არის შესაბამისად მოწესრიგებული, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის გადაყენებას ომბუდსმენის, გარდა იმპიჩმენტის პროცედურისა. პარლამენტის არჩევნების საკითხზეც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება.  ფაქტობრივად, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადადის.   პარლამენტის ინსტიტუტთან დაზუსტებები – მაგალითად, გვაქვს დაზუსტება, რომელიც უკავშირდება ფრაქციებს და გულისხმობს იმ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას, რომელიც დაკავშირებულია განუსაზღვრელი რაოდენობის ფრაქციების შექმნასთან საქართველოს პარლამენტში” – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სცდომა 22.04.17

საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სცდომა 22.04.17

კობახიძის თქმით, პირველად საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში საგამოძიებო კომისიის შექმნა იქცევა ოპოზიციის უფლებად. კერძოდ, დაზუსტების მიხედვით, პარლამენტის წევრთა ერთ-მესამედს ექნება შესაძლებლობა, რომ შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს პარლამენტში:

“რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ნაწილს, შენიშვნათა უდიდესი ნაწილი, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, ეხებოდა სწორედ  პრეზიდენტის ინსტიტუტს. თავის დროზე დასკვნაში აღინიშნა, რომ გადაიდგა სწორი მიმართულებით ნაბიჯები საპარლამენტო სისტემის მიმართულებით, თუმცა ეს ნაბიჯები იყო ბოლომდე მისაყვანი. შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო სისტემის ფუნქციონირებასთან. ამ ყველაფერს ემხასურება პირველ რიგში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემოღება.

რაც შეეხება პრეზიდენტის სტატუსს, მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი. პრეზიტენდი არის სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც არის წარმოდგენილი ამ თავში არის პრაქტიკულად უცვლელი. მთავარი ამოცანა იყო ის, რასაც გვეუბნებოდა ვენეციის კომისია – მკაფიოდ უნდა გმაიჯნულიყო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის

საქართველოს მთავრობის ნაწილი იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე საქართველოს კონსტიტუციის. ამას აღნიშნავდა ვენეციის კომისია 2010 წლის დასკვნაში. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღე ეს თავი არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სასამართლოსა და პროკურატურის შესაბამის თავს, კობახიძის თქმით,  დაზუსტებები უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაეს სასამართლოს, მათ შორის განსაზღვრულია მინიმალური რაოდენობა უზენესი სასამართლოს მოსამართლეების. არის დაზუსსტებები, რომლებიც უკავშირდება მოსამართლის დამოუკიდებლობას და  დადგენილია მოსამართლის შეუცვლელობის გარანტია. ასევე, მისი თქმით, აწეულია სტანდარტი მოსამართლეების თანამდებობაზე განმწესების. ორი მესამედი უმრავლესობით მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს მოსამართლის თანამდებობაზე განთავსების თაობაზე:

“დაზუსტებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი და განსაზღვრულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს  წინაშე და პროკურატურა არის გმაოყოფილი, როგორც ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები, რომელიც უკავშირდება  ფინანსების და კონტროლის თავს. ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ ეროვნული ბანკის, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები. თავდაცვის და უსაფრთხოების თავში, იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს თავის თავზე აიღბს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქციას” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამასთანავე, კონსტიტუციას ემატება გარდამავალი დებულებების თავი, რომელშიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მისწრაფება არის ასახული.

საკონსტიტუციო კომისიის სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს. სხდომაზე კომისიის წევრები კენჭს უყრიან საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ ვარიანტს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები გეგმავენ, კომისიას რიგ საკითხებზე მათ მიერ მომზადებული ვერსიები შესთავაზონ. სხდომას არ ესწრებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.