ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისია ლეიბორისტულმა პარტიამაც დატოვა

22 აპრილი, 2017 •
საკონსტიტუციო კომისია ლეიბორისტულმა პარტიამაც დატოვა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია “ლეიბორისტულმა პარტიამაც” დატოვა. კომისიის დატოვების მიზეზზე გიორგი გუგავამ კომისიის შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების მათ მიერ შემუშავეულ პროექტს უნდა უყაროს კენჭი.

გუგავას თქმით, საკონსტიტუციო კომისიამ არ გაითვალისწინა ხალხის ნება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მოსაზრებები:

“უგულებელყოფილია ხალხის ნება, რომ უშუალოდ პირდაპირი წესით აირჩიონ პრეზიდენტი. ადგენენ ისეთ წესს საპარლამენტო არჩევნებისა, სადაც შესაძლებელი იქნება მანდატების მოპარვა. ქართველ ხალხს ართმევენ სოციალურ გარანტიებს, განათლების, ჯანდაცვის დასაქმების. ასევე, აკანონებენ უცხოელებზე მიწების გასხვისებას. ამდენად, მე პროტესტის ნიშნად არ მოვიღებ მონაწილეობას კენჭისყრაში, ბოიკოტს გამოვიცხადებ და სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მმართველ ძალას” – თქვა გიორგი გუგავამ.

საკონსტიტუციო კომისია უკვე დატოვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ.  20 აპრილს საკონსტიტუციო კომისია დატოვეს “ევროპული საქართველოსა და “თავისუფალი დემოკრატიების” წარმომადგენლებმა. 19 აპრილს საკონსტიტუციო კომისიისთვის პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადების შესახებ განცხადება 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭომ გააკეთა. ნაციონალურმა მოძრაობამ კი კომისია 13 აპრილს დატოვა.

ძირითადი უთანხმოება, რაც ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით აქვს, არის მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული სარჩევნო მოდელი, რომლის თანახმადაც, იკრძალება ბლოკები, 5%-იანი ბარიერი უცვლელი რჩება და ყველა გაუნაწილებელ მანდატს გამარჯვებული პარტია წაიღებს.  გარდა ამისა, პარტიები არ ეთანხმებიან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევვის წესს და მისი უფლებამოსილებების შემცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი