ახალი ამბები

EMC საკონსტიტუციო კომისიას: ნუ გააუარესებთ სოციალური უფლებების დაცვის სტანდარტს

22 აპრილი, 2017 • 2045
EMC საკონსტიტუციო კომისიას: ნუ გააუარესებთ სოციალური უფლებების დაცვის სტანდარტს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს და მოუწოდებს, არ გააუარესოს კონსტიტუციაში არსებული უფლებრივი სტანდარტები და უზრუნველყოს სოციალური უფლებების ბაზისური დაცვის გარანტიები კონსტიტუციაში.

ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს  კონსტიტუციური კანონის პროექტის თანასწორობის შესახებ დებულებების გაძლიერებასა და  სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დაზუსტებას, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამენ იმ შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც კანონპროექტის არსებულ ვერსიაში, მათი შეფასებით იკითხება იკითხება.

კერძოდ, EMC მიიჩნევს, რომ არსებულ უფლებებს აუარესებს პროექტის არსებული ვერსია, რომელიც საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხს არა ძირითადი უფლებების, არამედ ზოგადი დებულებების თავში მოიხსენიებს. ამასთანავე, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, უფლებათა თავის კატეგორიიდან ასევე ზოგად დებულებებში გადანაცვლდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ  აღნიშნულ შემთხვევებშიც ხსენებული საკითხების ზოგადი დებულებების ნაწილში გადატანა ზღუდავს მათი უფლების დამდგენი შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას.

“ანალოგიურად პრობლემურია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მდებარეობის შეცვლა. აღნიშნული ნორმის ფარგლებში კონსტიტუციით დაცული უფლებებია ადამიანისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, რომლებზეც საქართველოს კონსტიტუცია არ მიუთითებს, თუმცა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან. კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, აღნიშნულ ნორმას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თავში ითვალისწინებს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის არსებული ვერსიით, ის ინაცვლებს ზოგადი დებულებების თავში” – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, კონსტიტუციის 39-ე მუხლის ზოგადი დებულებების თავში გადატანა ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აღნიშნული ნორმით დავა გამოირიცხება, რაც მათი აზრით, უფრო დაბალი სტანდარტია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

EMC-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში 1996-2016 წლებში წარმოებული დავების ოფიციალური მონაცემებით, მოსარჩელეების მხრიდან 39-ე მუხლის გამოყენების განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც ორგანიზაციის შეფასებით, მისი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავში შენარჩუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

EMC-იმ ადამიანის უფლებების მკვლევრებთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან თანამშრომლობით შეიმუშავა და კომისიას წარუდგინა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონის პროექტი, რომელიც მოიცავდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის შინაარსს, ასევე- შრომის, საცხოვრებლის, განათლების უფლებებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წარმოდგენილ რედაქციაში პროექტის მხოლოდ მცირე ნაწილია გათვალისწინებული.

“EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო კომისიამ მისი მუშაობის ფარგლებში აღიაროს და  სათანადოდ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ჩვენს რეალობაში უკიდურესი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლისა თუ სოციალური დაცვის მყიფე გარანტიების კუთხით. ამასთან, სოციალური სამართლიანობისა და  თანასწორობის  მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნისთვის სოციალური უფლებების კონსტიტუციაში ცხადად და პირდაპირ გათვალისწინება არსებითია” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისად, ადამიანის უფლებების სწავლებსია და მონისტორინგის ცენტრი მოუწოდებს საკონსტიტუციო კომისიას, კიდევ ერთხელ იმსჯელოს და კონსტიტუციური კანონის პროექტში გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

  • შრომის უფლების დაცვაზე ქმედითი ზედამხედველობის ვალდებულების არსებობა

EMC-ის განცხადებით, კომისიის სამუშაო პროცესში აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული შეთანხმება  საკონსტიტუციო ცვლილებების წარმოდგენილ პროექტში აღარ არის გათვალისწინებული. ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, შრომის უფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციის ტექსტით ცხადად გაიწეროს სახელმწიფოს ვალდებულება შრომის უფლების დაცვა/უზრუნველყოს ქმედითი სახელმწიფო ზედამხედველობის არსებობის გზით.

  • შრომის უფლების სტანდარტების გაძლიერება

EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის ტექსტში შრომის სამართლიანი ანაზღაურების, ღირსეული სამუშაო პირობების, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის, დასვენებისა და გონივრული სამუშაო დროის განსაზღვრის, თანასწორი მოპყრობის და დისკრიმინაციისაგან დაცვის, ანაზღაურებადი შვებულების, სამუშაოსგან თვითნებური და დაუსაბუთებელი გათავისუფლების აკრძალვის პრინციპებების თაობაზე ცხადი ჩანაწერი გაჩნდეს;

  • საცხოვრებლის უფლების გარანტირება

საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრში ფიქრობენ”, რომ  მნიშვნელოვანია, კონსტიტუციამ ღირსეული და სათანადო საცხოვრებლის სტანდარტი ადამიანის უფლებების ნაწილში გაითვალისწინოს; ასევე, მათი აზრით, უნდა გაიწეროს სახელმწიფოს პროგრესიული ვალდებულება, გონივრული და ქმედითი პროგრამების შემუშავების გზით იზრუნოს საცხოვრებლის უფლებით სარგებლობაზე. საცხოვრებლით უზრუნველყოფის კონტექსტში სახელმწიფო განსაკუთრებულ აქცენტს უნდა აკეთებდეს ბავშვებზე, ქალებზე, ხანდაზმულებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციალურ საჭიროებებზე.

  • განათლების უფლების გაძლიერება

EMC-ის მიერ გავრცლებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  განათლების უფლებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებათა შესრულების პროგრესიულ ბუნებაზე, კერძოდ, მეცნიერების განვითარების მხარდაჭერაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სრულ სახელმწიფო დაფინანსებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე და სტუდენტური საცხოვრებელთა სისტემის განვითარებაზე.

  • საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების რეფერენდუმის გზით შემოღების/გაზრდის შესახებ ჩანაწერის ამოღება

“კომისიამ ამოიღოს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, რომლებიც შეეხება საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებისა და არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ რეფერენდუმის გზით” – ვკითხულობს ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC მიმართავს საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი სოციალური უფლებების დაცვითი სტანდარტების გაუარესებას და კონსტიტუციის ტექსტით გარანტირებული გახადონ ის ბაზისური სტანდარტები, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური უფლებების აღიარების გზით უზრუნველყოფს სოციალური სახელმწიფოს იდეის რეალიზებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი