ახალი ამბები

უმრავლესობა პრეზიდენტს: გადააგდე ნაჯახი და ისე ვისაუბროთ

22 იანვარი, 2013 • • 3888
უმრავლესობა პრეზიდენტს: გადააგდე ნაჯახი და ისე ვისაუბროთ

დღეს, 22 იანვარს, თბილისში გამართულ შეხვედრაზე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა ჟურნალისტებთან ერთად

მიხეილ სააკაშვილი/ფოტო: გვანცა კორძახია
მიხეილ სააკაშვილი/ფოტო: გვანცა კორძახია

განიხილეს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები.

 

მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს აქვს სრული უფლებამოსილება, თუ პარლამენტმა სამჯერ უარი უთხრა მთავრობის დამტკიცებაზე, დაითხოვოს პარლამენტი და სასურველი მთავრობა თავად დაამტკიცოს. ოღონდ, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვა არ შეუძლია პარლამენტის არჩევიდან 6 თვის განმავლობაში და თავისი უფლებამოსილების უკანასკნელ 6 თვეში. დღეს არსებულ ვითარებაში, კანონით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ 2013 წლის აპრილში, რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში ექნება უფლება, დაითხოვოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს მისთვის სასურველი მთავრობა, რის შემდეგაც დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები.  

 

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით კი, პრეზიდენტის უფლებამოსილება მცირდება. ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად და თუ პარლამენტმა უარი უთხრა მას მთავრობის დამტკიცებაზე, პრეზიდენტს კვლავ შეეძლება პარლამენტის დათხოვნა, მაგრამ სასურველ მთავრობას ახალი პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ დაამტკიცებს. გარდა ამისა, უქმდება პარლამენტისთვის დაწესებული ექვსთვიანი იმუნიტეტი და პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვა ნებისმიერ დროს შეეძლება. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება საქართველოს მნიშვნელოვან კრიზისს ააცილებს. 

 

“ჩვენ შეიძლება ერთ დღესაც გავიღვიძოთ და აღმოვაჩინოთ, რომ პრეზიდენტმა დაითხოვოს მთავრობა, მერე ახალი მთავრობა წარუდგინოს პარლამენტს და თუ პარლამენტი არ დაეთანხმა, ეს 3–ჯერ შეიძლება მოხდეს 25 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დაითხოვს პარლამენტს. როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია ასეთ დროს?” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.

 

“ჩვენ შეგვეძლო პრეზიდენტისთვის საერთოდ ჩამოგვერთმია მთავრობის დათხოვნის უფლება, თუმცა ჩვენ წავედით მინიმალური ცვლილებების გზით”, – დასძინა დეპუტატმა, რომლმაც ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა არსებულ სიტუაციაში პრეზიდენტის ძალაუფლებიდან მომდინარე საფრთხეს.

 

“მე არ ვამბობ, რომ კრიზისი მოხდება. ვამბობ, რომ ამის საფრთხე არსებობს. ხელში ნაჯახი გიჭირავს და მეუბნები, არაფერს დაგიშავებო, გადააგდე ნაჯახი და ისე ვილაპარაკოთ”, – განაცხადა სამუშაო შეხვედრისას ვახტანგ ხმალაძემ.

 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინსიტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, რომელმაც კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოხატა. მან პარლამენტარებს შესთავაზა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დაემატოს ახალი პუნქტი. ბარამიძის მოსაზრებით, თუ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, ახალი პარლამენტის არჩევამდე და ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ქვეყანა მართოს პრეზიდენტის მიერ დათხოვილმა მთავრობამ. ამ მოსაზრებას ეთანხმება პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე.

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარლამენტარი აკაკი ბობოხიძე საპარლამენტო უმრავლესობას აღნიშნული ინიციატივისთვის აკრიტიკებს. მან უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ პრეზიდენტიც ხალხის არჩეულია და საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ნიშნავს სხვა არჩევნების შედეგების გაბათილებას.

 

“თქვენ უნდა შექმნათ კანონები, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე მყოფ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ჩვენ უკვე გადავედით მრავალპარტიული მმართველობის პირობებში და მხოლოდ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე არ უნდა იმსჯელოთ”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. დეპუტატი ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობის ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ბობოხიძემ უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, ნუ მოცდებიან კონსტიტუციაში ასეთი უმნიშვნელო ცვლილებების შეტანით და ფუნდამენტურ ცვლილებებზე იფიქრონ, რადგან 2013 წლის ოქტომბრიდან კონსტიტუციის შეცვლას გაცილებით მაღალი კვორუმი დასჭირდება, ვიდრე ეს დღეს არის.

 

აღნიშნულის საპასუხოდ ვახტანგ ხმალაძემ ბობოხიძეს განუცხადა, რომ უმრავლესობა უკვე მუშაობს ამ საკითხზე და იქვე დასძინა:

 

“მე თუ ამ წყლულებს არ ვუმკურნალე, ოქტომბრამდე შეიძლება ვერც მივაღწიო”.


აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ნაკლზე საუბრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია კონკრეტული პოლიტიკურ სიტუაციაზე მოსარგებად არ უნდა იცვლებოდეს.


“რაც შეეხება თვითონ პროექტს, პარლამენტის უფლებამოსილების შემცირება პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან ერთად არის მიუღებელი. პრეზიდენტის უფლებამოსილება, პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს მთავრობა, არის მართლაც შეუსაბამო კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან. თუმცა პარლამენტისთვის იმ იმუნიტეტის ჩამორთმევა, რომელიც მას გააჩნია, იწვევს პარლამენტის დასუსტებას. პარლამენტს სურს თავი დაიზღვიოს კრიზისისგან, მაგრამ იღებს მეორე კრიზისს. პრეზიდენტი პარლამენტის გარეშე ვერ დაამტკიცებს მთავრობას, მაგრამ დაითხოვს პარლამენტს, მერე ისევ თუ არ დაუმტკიცა პარლამენტმა მთავრობა პრეზიდენტს, ისევ დაითხოვს და ასე შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. ეს არ არის კრიზისიდან  გამოსავალი და ამ კუთხით გადასახედია კანონპროექტი. პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა შემცირდეს, მაგრამ არა პარლამენტის ხარჯზე”, – განუცხადა ვახუშტი მენაბდემ “ნეტგაზეთს”.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, ხოლო პარლამენტი მის მიღებას თებერვალში გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი