ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მეგონა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყო” – თბილისიდან გაძევებული აზერბაიჯანელი მუსიკოსი

21 აპრილი, 2017 • 7732
“მეგონა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყო” – თბილისიდან გაძევებული აზერბაიჯანელი მუსიკოსი

“მეგონა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყო და მან ევროპასთან ინტეგრაციის გზა აირჩია”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ჯამალ ალი, მუსიკოსი და აქტივისტი აზერბაიჯანიდან, რომელიც ალიევის რეჟიმთან დაპირისპირებისა და დევნის გამო ბოლო ხუთი წელია ბერლინში ცხოვრობს.

ჯამალ ალი 2017 წლის 20 აპრილის ღამეს თბილისის აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შემოუშვეს და უახლოესი რეისით ბერლინში დააბრუნეს.

“მესაზღვრეებს ჩემთვის არაფერი უთქვამთ, თუმცა მათგან გარკვეულ აგრესიას ვგრძნობდი. როცა განმარტება მოვითხოვე, თუ რა მიზეზით არ მიშვებენ ქვეყნაში, მიპასუხეს, რომ თავადაც არ იციან – არ შეიძლება და მორჩაო”, – გვიყვება ჯამალ ალი.

საქართველოში ფილმზე მუშაობის მიზნით აპირებდა ჩამოსვლას და, როგორც ამბობს, თბილისში პარტნიორებთან ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.

უკანასკნელად საქართველოში შარშან ახალი წლის შესახვედრად ჩამოვიდა მეგობრებთან. თუმცა  მაშინ რაიმე პრობლემა არ შექმნია.

კითხვაზე, რას უკავშირებს მსგავს შეზღუდვას საქართველოში შემოსვლაზე სწორედ ახლა, ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, წელიწადნახევრის წინ მომხდარ ინციდენტთან იყოს დაკავშირებული.

“მაშინ Meydan.tv-სთვის თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში სიუჟეტი გადავიღე. რეპორტაჟში ვახსენე, რომ აზერბაიჯანის ნავთობკომპანია სოკარი ბუნებრივი აირით ამარაგებს ეკლესიას, რაც იქ მომუშავე სასულიერო პირმაც დამიდასტურა. მგონია, რომ სწორედ ამ ვიდეოს გამო ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებას ჩემთან დაკავშირებით მითითება მისცა. დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისში აქციაც გამართეს Meydan.tv-ს წინააღმდეგ ჩემი ამ რეპორტაჟის გამო. კონკრეტულად კი, ეთნიკური აზერბაიჯანელები ითხოვდნენ ამ ტელევიზიის ონლაინ ტრანსლირების საქართველოში შეზღუდვას, რამდენადაც, მათი განცხადებით, ეს ტელევიზია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მტრობას აღვივებს. ვფიქრობ, სწორედ ეს ვიდეო გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში აზერბაიჯანის დავალებით აღარ მიშვებენ”, – ამბობს ჯამალ ალი.

როგორც ალი ამბობს, ამჟამად, საკუთარი შელახული უფლებების დასაცავად ადვოკატს ეძებს.

“საქართველოს მესაზღვრეები ჩემი უკან გაბრუნებით უკანონოდ მოიქცნენ, თუმცა იმისთვისაც მადლობელი ვარ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ გადასცეს ჩემი თავი. ნებისმიერ შემთხვევაში ამ საქმეს ბოლომდე, სასამართლომდე მივიყვან, რათა მესაზღვრეებმა ამ უკანონობისთვის პასუხი აგონ”.

30 წლის აზერბაიჯანელმა მუსიკოსმა და აქტივისტმა, ჯამალ ალიმ აზერბაიჯანი  2012 წელს, ბაქოში ევროვიზიის დროს მომხდარი სკანდალის შემდეგ დატოვა.  

2012 წლის 17 მარტს ბაქოში ახალგაზრდული ორგანიზაციების მიტინგი გაიმართა, სადაც ჯამალ ალიმ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მისამართით შეიგინა. იმავე ღამეს იგი პოლიციამ ათი დღით დააპატიმრა.

აქტივისტი ამბობს, რომ ერთოთახიან კამერაში მოათავსეს, სადაც ათი დღის განმავლობაში ყოველდღე ზედამხედველები სცემდნენ. გათავისუფლების შემდეგ კი ქვეყანა დატოვა და ლტოლვილის სტატუსით გერმანიაში გაემგზავრა.

ბოლო პერიოდში ჯამალ ალიმ გერმანიაში მუსიკალური რგოლი, სახელწოდებით “თოვლის პაპა ცენზურის ქვეშ” შექმნა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს დასცინის. მუსიკალური რგოლის გამოსვლის შემდეგ აზერბაიჯანის პოლიციამ ბაქოში მცხოვრები ჯამალ ალის დედა დაიბარა და აღნიშნული ვიდეოს იუთუბის არხიდან წაშლა მოითხოვა.


ბოლო პერიოდში აზერბაიჯანელ აქტივისტებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ იდევნებოდნენ და საქართველოში ცხოვრობდნენ, ქართული მხარე ბინადრობის მოწმობებს აღარ გასცემს. შესაბამისად, ისინი იძულებული არიან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების დახმარებით, აზერბაიჯანში ექსტრადიციას თავი აარიდონ და საქართველოდან ევროპის ქვეყნებში გაემგზავრონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი