ახალი ამბები

პარლამენტმა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

21 აპრილი, 2017 • 2289
პარლამენტმა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

დღეს, 21 აპრილს, პარლამენტმა  მიიღო დადგენილების პროექტი “ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ.” ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა არც ერთის წინააღმდეგ.

2016 წლის 14 ოქტომბერს ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შეერთების შესახებ ოქმს. ქართულმა მხარემ ხელშეკრულებაში მითითებული დირექტივებისა და შესაბამისი ვადების გათვალისწინებით სამართლებრივ და ტექნიკურ დონეზე ენერგეტიკის სფეროში არსებული ცვლილებები უნდა განახორციელოს. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ენიჭება ყველა ის უფლება და მოვალეობები, რაც კავშირის წევრ მხარეებს აქვთ.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად, პირველ რიგში, საჭიროა, ამოქმედდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, მომზადდეს სამართლებრივი დოკუმენტები და საქართველოს პარლამენტმა წევრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინოს.  რატიფიცირებიდან 1 თვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, საქართველო მიიღებს სტატუსს და, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, დაიწყებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დირექტივების შესრულებას. დირექტივები კი 2017-დან 2023 წლამდეა გაწერილი.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო პირდაპირ არ უკავშირდება ენერგეტიკის გაერთიანებას და საჭიროებს სპეციფიკურ მიდგომებს, შეთანხმდენენ, რომ საქართველოში გამავალი მნიშვნელოვანი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურის შესახებ საქართველოს მთავრობის დადებული ხელშეკრულებები არ გადაიხედება.

არსებულზე კონკურენტული და ლიბერალიზებული ბაზარი ქართულმა მხარემ 2018-2020 წლებში უნდა შექმნას. ეს ეხება როგორც ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი აირის ბაზარსა და ფასებს.

ამავე თემაზე: რაზე შეთანხმდნენ საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი