პროკურატურამ ეს მას შემდეგ მოითხოვა, რაც გურამ ჩალაგაშვილს ბრალი წაუყენა სამასხურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. აღნიშნული დანაშაულისთვის პროკურატურამ ჩალაგაშვილისთვის 10 ათასლარიანი გირაო მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით, ხოლო ადვოკატი ითხოვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ გამოეყენებინათ. საბოლოოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სემეკის თავმჯდომარეს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
სამართალდამცავების ცნობით, 2013 წლის 12 იანვარს გურამ ჩალაგაშვილი იმყოფებოდა ქუთაისში, რესტორან “ამირანში”, რა დროსაც ის დაუკავშირდა “ენერგო პრო ჯორჯიას” ადგილობრივ ხელმძღვანელს და შუქის გამორთვა თხოვა.
ჩალაგაშვილის თქმით, არსებობდა მოსახლეობისთვის მოსალოდნელი საფრთხე, რომ მომხდარიყო მოკლე ჩართვა, ამის გამო დაუკავშირდა “ენერგო პრო ჯორჯიას” ხელმძღვანელს და სთხოვა შუქის გათიშვა.
გამოძიების ცნობით, შუქი გაითიშა არა მხოლოდ რესტორანში, არამედ მიმდებარე საცხოვრებელ სახლებსა და სხვა ობიექტებში, რის გამოც შუქის მიწოდება შეუწყდა 200-მდე ოჯახს.
გამომძიებელ–დეტექტივის სერგო ადეიშვილის ცნობით, ჩალაგაშვილის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში არსებობს ასევე სატელეფონო ჩანაწერი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გურამ ჩალაგაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გურამ ჩალაგაშვილის წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12 საათზეა ჩანიშნული. სემეკის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. ჩალაგაშვილი სემეკის თავმჯდომარის პოსტზე 2008 წლიდან მუშაობს, მანამდე ის ცესკოს თავმჯდომარე იყო.