ახალი ამბები

დეპუტატების შეფასება სუს-ის ანგარიშსა და პარლამენტის სხდომის დახურვაზე

19 აპრილი, 2017 • 1653
დეპუტატების შეფასება სუს-ის ანგარიშსა და პარლამენტის სხდომის დახურვაზე

დღეს, 19 აპრილს, პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში მოისმინა და 93 ხმით ერთის წინააღმდეგ ცნობად მიიღო. სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოხსენების შემდეგ პარლამენტის სხდომა დაიხურა და ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

“სხდომის დახურვის ერთადერთი მოტივაცია ის იყო, რომ პასუხები  არ აქვთ იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა სუს-ის მიმართ. სუს-ი გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი, არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არ გვიცავს ოკუპანტი სახელმწიფოსგან, არ იცავს მოქალაქეებს პირად ცხოვრებაში ჩარევისგან და უმრავლესობას არ სურდა, ამ კითხვებზე ვახტანგ გომელაურის გაცემული პასუხები საჯარო ყოფილიყო,” – ამბობს თინა ბოკუჩავა, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს იყო საქმიანი ანგარიში, სადაც საკმარისი ინფორმაცია არის მოცემული იმ მიმართულებებზე, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება:

“ესენია ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და იქ არსებული ვითარება; ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავება; ბრძოლა კორუფციასთან, საერთაშორისო თანამშრომლობა, და მნიშვნელოვანი საქმეები, რომლის აღკვეთა შეძლო უსაფრთხოების სამსახურმა.”

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ჩვენ არ გვყავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს და ებრძვის სახელმწიფოს აგენტურას ან ტერორიზმს:

“აქ არის სამსახური, რომელიც მხოლოდ მმართველი ძალის და არაფორმალური მმართველის ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის არის მიმართული. გვქონდა კითხვები, თუ რა ხდება კონტრდაზვერვის მიმართულებით. რატომ არის სუს-ი პოლიტიკური ოპონენტებისა და ჩვენი მოქალაქეების უკანონო კონტროლში ჩართული და არა ქვეყნის ინტერესების დაცვაში. ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. პოლიტიკურად თავხედური და ცინიკური დამოკიდებულება იყო პოლიტიკური გამოსვლების დახურვაც,” – აღნიშნა ბოკერიამ.

თალაკვაძის განცხადებით, კარდინალურად არის შეცვლილი იმ მიდგომების სტანდარტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გააჩნია:

“ჩვენ გვახსოვს საქართველო, სადაც უსაფრთხოების სამსახური და მისი წარმოამდგენლები ასოცირდებოდნენ ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევასთან, შიშთან და ტერორთან. დღეს ვხედავთ სამსახურს, რომელიც ყველაზე მწვავე შეკითხვებსაც კი პასუხობს და საზოგადოებას ანგარიშს აბარებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა, გამოძიებული საქმეები და რეალურად, ჩვენ ვხედავთ დეპოლიტიზირებულ სამსახურს, რომელიც თითოეული მოქალაქის სიცოცხლის და უფლებების დაცვისკენ არის მოწოდებული,”- განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ დახურული სხდომის რეჟიმში ოპოზიციამ დაგეგმილი შოუ ვერ განახორციელა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში უწყების კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლას, კონფლიქტის ზონიდან ადამიანების გატაცებას და სხვა საკითხებს ეხება. ანგარიშის თანახმად, უწყებაში 3764 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 549 ქალია (14,6%).

ამავე თემაზე – რას უპირისპირებს რუსულ რბილ ძალას საქართველო – გამოხმაურებები სუს-ის ანგარიშზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი