ცვლილებების თანახმად, დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. ასევე, დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოფა პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვის სამსახური და პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იქნება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარის ირინე იმერლიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ახერხებს თანამშრომლობის რეჟიმის გაგრძელებას და კანონპროექტების შეთანხმებას:
“როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თუნდაც, აი, იმ დაცვის კანონზე გამოთქვა თავისი შეშფოთება და ეჭვი, რომ შეიძლება რაღაც ისე არ ყოფილიყო და მის უსაფრთხოებას შექმნოდა რაღაცა პრობლემები და საფრთხე შემქნოდა მისი ოჯახის უსაფრთხოებას, ამიტომ ჩვენ წავედით, აი, ამ გზით და მეორე მოსმენით მიღებული კანონი უკვე მე, როგორც ინიციატორმა, უკან გავითხოვე და შეჯერებული კანონი გავიდა დღეს უკვე მესამე მოსმენით”.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, დღევანდელი სესია ურთიერთთანამშრომლობის მაგალითი იყო:
“ჩვენ ფაქტობრივად შეთანხმების საფუძველზე გავიტანეთ ყველა დღევანდელი კანონი. მე ვფიქრობ, რომ თვითონ სესიის განწყობა იყო ძალიან პოზიტიური და თქვენ ამას ხედავთ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობდით და საბოლოო ჯამში, ეს წაადგება ქვეყანას, თორემ ამითი არც ცალკე “ნაციონალურ მოძრაობას” და არც საპარლამენტო უმრავლესობას რაიმე კონკრეტული სარგებელი კი არ აქვს. უბრალოდ, ქვეყნისთვის კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ”.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საგაზაფხულო სესია 5 თბერვლამდე დახურულად გამოაცხადა.