ახალი ამბებიეკონომიკა

“აწარმოე საქართველოში” სააგენტოს სახით და გაფართოებული ფუნქციებით – როგორია მთავრობის გეგმა

19 აპრილი, 2017 •
“აწარმოე საქართველოში” სააგენტოს სახით და გაფართოებული ფუნქციებით – როგორია მთავრობის გეგმა

მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალი სააგენტო – სახელწოდებით “აწარმოე საქართველოში” იქმნება. საქართველოს ეკნონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ძლიერი ეკონომიკური გარემოს შექმნა ქვეყნის სტრატეგიული ამოცანაა. ახალი სააგენტო კი დაეხმარება მეწარმეებს ბიზნესიდეების განხორციელებაში და წარმოების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაში:

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ “აწარმოე საქართველოში” უნდა გახდეს სახელი სააგენტოსი, რომელიც შემდგომ გააერთიანებს სხვადასხვა კომპონენტს. ერთი ქოლგის ქვეშ უნდა მოვაქციოთ სამი კომპონენტი. ეს არის “აწარმოე საქართველოში – ბიზნესი” – ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა. მეორე კომპონენტი – “აწარმოე საქართველოში ექსპორტი”, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვეხმარებით საშუალო ბიზნესს საქართველოში კონკურენტული პროდუქტის შექმნაში, დავეხმაროთ მას საერთაშორისო ბაზარზე წვდომაში. მესამე კომპონენტი არის “აწარმოე საქართველოში – ინვესტიციები” – თქვა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, სააგენტო გააერთიანებს ყველა იმ სერვისს, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით არსებობს.  პირველი კომპონენტი ქვეყანას საწარმოო ბაზრის გაფართოებაში დაეხმარება, “აწარმოე საქართველოში –  ექსპორტის” მეშვეობით კი სააგენტო დაეხმარება ქართულ პროდუქტს უცხოურ ბაზარზე თავის დამკვიდრებაში და ახალი ბაზრების აღმოჩენაში:

“ექსპორტის მიმართულებით, რომელიც ახალი კომპონენტი იქნება სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, პირდაპირ იქნება ფოკუსირებული ექსპორტიორი კომპანიების ბაზარზე წვდომის მხარდაჭერაზე. ეს იქნება ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტი, გამოფენები და ა.შ.” – თქვა გიორგი გახარიამ.

ამ კომპონენტში ეკონომიკის სამინსიტრო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გეგმავს თანამშრომლობას. მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი გააცნობენ უცხოელ ინვესტორებს საქართველოს შესაძლებლობებს და ინვესტიციების მოძიებასაც შეუწყობენ ხელს:

“ამ მხრივ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, უკვე პროცედურები შეთანხმებულია. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ამ პროექტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების შერჩევის პროცესი, რის შემდეგაც მოხდება მათი გადამზადება და უკვე განთავსდება პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით,”  – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

სააგენტოს სტრუქტურის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 4 წლის მანძილზე 170-მდე პროექტი დაფინანსდა, მათმა ჯამურმა ინვესტიციამ კი 400 მილიონი ლარი შეადგინა.

“მხოლოდ ამ ინვესტიციების საშუალებით ჩვენს ქვეყანაში 7 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა.  სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამ პროგრამის ფარგლებში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში დავაფინანსეთ 20 -ზე მეტი პროექტი და ჯამური ინვესტიციების ოდენობა 34 მილიონ ლარს შეადგენს.

კინოინდუსტრიიის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა 7 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც გადამზადებული იქნა 9 ათასამდე ბენეფიციარი. თანადაფინანსება მიიღო 5 ათასამდე ბენეფიციარმა და შეიქმნა 5 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი სოფლად,” – თქვა გიორიგი კვირიკაშვილმა.

მისი განცხადებით, ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროგრამამ ახალი სიცოცხლე შეიტანა ქვეყნის ეკონომიკაში, თუმცა ეს  საკმარისი არაა და ეკონომიკაში გაჩენილი ახალი გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა არსებული სახელმწიფო პროგრამების ადაპტირება ახალ რეალობებთან და გამოწვევებთან, რასაც სააგენტოს ჩამოყალიბება ემსახურება.

ახლშექმნილ სააგენტოს მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს, სააგენტოს საქმიანობას კი კურირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გაუწევს. “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს სახით მუშაობას სავარაუდოდ ზაფხულიდან დაიწყებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი