“მე სამართლიანი სასამართლოს იმედი მაქვს”, – განაცხადა თენგიზ გუნავამ დღეს, 17 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობიდან” – ჩიორა თაქთაქიშვილი და აკაკი მინაშვილი, ასევე, ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 30 იანვრისთვის დაინიშნა, მანამდე კი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მხარეთა შუამდგომლობები განიხილა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა და თენგიზ გუნავა კვლავ რჩება პრეზიდენტის რწმუნებულად სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში. მან არ გაიზიარა პროკურორების მოსაზრება, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გუბერნატორის პოსტზე მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, ზუგდიდში მცხოვრებ მოწმეებზე არსებობს გუნავას მხრიდან ზეწოლის საფრთხე.
მოსამართლე ნატო ჯოხაძემ ამ შემთხვევაში გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და განაცხადა, რომ ვინაიდან თენგიზ გუნავას

აქამდე არანაირი ზეწოლა არ მოუხდენია მოწმეებზე და ხელი არ შეუშლია გამოძიებისთვის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ეს შემდგომ განახორციელოს. მის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ტაში და ოვაციები მოჰყვა.
პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა ერთ–ერთ არგუმენტად მოიყვანა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც კრძალავს საჯარო სამსახურში წინასწარი გამოძიების ქვეშ მყოფი პირის დანიშვნას. მოსამართლემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნულ სასამართლო პროცესზე არ განიხილება პრეზიდენტის მიერ გუნავას გუბერნატორად დანიშვნის კანონიერების საკითხი, შესაბამისად, ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა.
“როცა მოვა დრო, ისინი თავიანთ სინდისს გაცემენ პასუხს ისევე, როგორც თქვენ”, – ასე უპასუხა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელს ნათია სონღულაშვილს მას შემდეგ, რაც სასამართლოში კიდევ ერთხელ მოისმინა მის წინააღმდეგ პროკურატურის ბრალდება და მოწმეთა ჩვენებების შინაარსი.
საქართველოს მთავარი პროკურატურა თენგიზ გუნავას ამჯერად სამ შემთხვევასთან დაკავშირებით ედავება. ბრალდების ერთი ეპიზოდის მიხედვით, თენგიზ გუნავამ 2012 წლის ოქტომბერში, შსს–ს გენინსპექციის უფროსად მუშაობისას მიითვისა 3 ათასი ლიტრი ბენზინი და არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ამ ბენზინის სამსახურებრივი მიზნებისთვის ხარჯვას დაადასტურებდა. მეორე ეპიზოდის მიხედვით, თენგიზ გუნავამ ამავე პერიოდში შს მინისტრის მოადგილეს ძიმცეიშვილს გამოაწერინა 49 500 ლარი და აღნიშნული თანხა მიითვისა და ასევე, დაუდგენელია თანხის ხარჯვის მიზნობრიობა. მესამე ეპიზოდის მიხედვით კი, თენგიზ გუნავამ ურთიერთშელაპარაკებისას ფეხში დაჭრა თავისი მძღოლი კახა ღურწკაია და შსს–ს თანამშრომელი ბაკურ გულუა.
ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებით თენგიზ გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა სასამართლოსგან მოითხოვა, რომ საქმისთვის არ დაერთოთ ბაკურ გულუას და კახა ღურწკაიას ჩვენებები. მათ 2012 წლის ნოემბერში გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება რამდენიმე დღეში შეცვალა და ხელახლა მიცეს ჩვენება თენგიზ გუნავას წინააღმდეგ. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის, თენგიზ გუნავას თქმით, ეს არის მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური პროცესი, რომლის მიზანიც მისი ციხეში ჩასმაა. გუნავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას გაიხსენა მისი დაკავება იარაღის უკანონოდ ტარებისა და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით. ის თავიდანვე ამტკიცებდა, რომ სამართალდამცავებმა მას იარაღი ჩაუდეს. მან ჩაიტარა ექსპერტიზა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არანაირი ნარკოტიკი არ მოუხმარია, გარდა მისი დაკავების შემთხვევისა, როცა მის ორგანიზმში იყო ნარკოტიკული საშუალება მორფინი, რომელიც, როგორც გუნავა ამბობს, დაკითხვისას წყალში გარეული დაალევინეს. გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში “მაკაროვის” სისტემის იარაღი ჩაუდეს. თენგიზ გუნავამ მისთვის იარაღის ჩადების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართა. მოგვიანებით შსს–ს გენინსპექციამ გუნავას დაკავებისას გამოვლენილი დარღვევისთვის სამსახურიდან 5 თანამშრომელი გაათავისუფლა, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ არ გაუმჟღავნებია. საქმეს ასევე იძიებს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია.
თენგიზ გუნავს თქმით, რადგან პირველი საქმე პროკურატურას მის წინააღმდეგ არ გამოუვიდა, დაიწყეს ახალი საქმე. როგორც ის ამტკიცებს, ყველა ადამიანი, ვინც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, მისი ახლობელია.
“ამას აკეთებენ ძალადობით. ზოგის ცოლი დაიბარეს დაკითხვაზე, ზოგის შვილი, დედ–მამა და ასე მიაცემინეს ჩვენება ჩემ წინააღმდეგ”, – ამბობს თენგიზ გუნავა. ის თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს, რადგან სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იქ მყოფმა გუნავას მხარდამჭერებმა მას გუბერნატორის პოსტზე დარჩენა მიულოცეს და თქვეს, რომ ეს დღეს მათი “კიდევ ერთი გამარჯვება” იყო. შეგახსენებთ, რომ დღეს. გუნავას სასამართლო პროცესის პარალელურად, გვერდით დარბაზში სასამართლო განიხილავდა თბილისის მერის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს. სასამართლომ ის გირაოს – 35 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა დარბაზიდან.