ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეწყვიტონ საკუთარი თავის მოტყუება

18 აპრილი, 2017 • 8493
აფხაზური მხარე ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეწყვიტონ საკუთარი თავის მოტყუება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყება ქართული მხარის მიერ სერგეი ლავროვის სოხუმში ვიტიზის საკითხის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:

“ბოლო დროს ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან, საგარეოს ჩინოვნიკებით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის აფხაზეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიტიზთან დაკავშირებით “მრისხანე” განცხადებები გახშირდა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ოფიციალური პირებისგან მსგავს “განმკიცხავ” კომენტარებს სრულიად უადგილოდ მიიჩნევენ “.

როგორც განცხადებაში წერია, ლავროვის სამუშაო ვიზიტი “სრულიად პასუხობს აფხაზურ-რუსულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამება”.

“შეგახსენებთ, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 9 სექტემბრის შემდეგ არის დადგენილი.

მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის” მოძველებული გაგების ჟონგლირებით, საკუთარი თავისა და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუება შეწყვიტოს და რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობა აღიაროს”.

სოხუმში ლავროვს დღეს, 18 აპრილს, რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნაზე ელოდებიან.  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ლავროვის ოფიციალური შეხვედრა 19 აპრილს იგეგმება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობის საკითხებსა და აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

მარია ზახაროვას, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აფხაზეთის რესპუბლიკაში  რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტი ქართულმა მხარემ ნეგატიურად შეაფასა. სერგეი ლავროვის სოხუმში ჩასვლას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივის სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს  რუსეთის ფედერაციის ე.წ. პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი