გუშინ, 16 აპრილს თბილისი-მოსკოვის რეისზე “აირზენას” თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში საფრენი ბილიკიდან გადავიდა და ბორბლით მიწაში ჩაეფლო.
“აირზენამ” დღეს, 17 აპრილს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მიმდინარეობს შემოწმება თუ რამ გამოიწვია ეს ინციდენტი.
“მგზავრების გადაყვანის მიზნით იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში. არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისათვის არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ თვითმფრინავი გადაიყვანეს სადგომზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ წუთამდე მინმდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი. მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდნენ”, – წერია განცხადებაში.
ამ შემთხვევას გამოეხმაურა რუსული მედიაც, რომლის ცნობითაც, თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე მოძრაობდა, რა დროსაც მკვეთრად მოუხვია და საფრენი ბილიკიდან გადავიდა – შედეგად, თვითმფრინავის მარცხენა და წინა ბორბალი მიწაში ჩაეფლო.
რუსული მედიის ცნობით, ასე თვითმფრინავმა დაახლოებით 500 მეტრი გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმრინავს ერთ-ერთი ტურბინა ჰქონდა დაზიანებული.
რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა თვითმხილველის გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ავტობუსებით გადმოიყვანეს გაჩერებული თვითმფრინავიდან მგზავრები. ბორტზე სულ 106 მგზავრი იყო.