ახალი ამბები

ოქრუაშვილი: არავითარი დიდი შეთანხმება არ ყოფილა ახალ მთავრობასთან

16 იანვარი, 2013 •
ოქრუაშვილი: არავითარი დიდი შეთანხმება არ ყოფილა ახალ მთავრობასთან

” არავითარი დიდი შეთანხმება არ ყოფილა ახალ მთავრობასთან არც ერთ საკითხზე. დაბრუნება ჩემს გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა  და სხვას არაფერს”

 

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი გაანადგურა, პოლიტიკური სისტემა გაანადგურა და განსხვავებული აზრი დაბლოკა. 

 

“მან გადარჩენის შანსი არ მისცა პოლიტიკურ პარტიებს და მთელ სამთავრობო მანქანას იყენებდა ოპონენტების წინააღმდეგ”

 

ყოფილი თავდაცვის მინისტრი რუსეთის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, რუსეთი საქართველოსთვის და ქვეყნის სუვენერიტეტისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. 

 

“პრემიერის გზავნილებიდან გამომდინარე ვხედავ, რომ მას ნათელი ხედვა აქვს, თუ რას შეიძლება ველოდოთ რუსეთის მხრიდან. ახლა დიდი მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ გაუმჯობესება მომავალში იქნება, თბილისიდან  დადებითი სიგნალი გაიგზავნა, ახლა ჯერი რუსეთზეა”

 

ყოფილმა მინისტრმა  წარმატებასა და შეცდომებზეც ისაუბრა:

 

“აჭარის დაბრუნებამ, კორუფციის დამარცხებამ, სიტუაციის გამოსწორებამ პოლიციასა და თავდაცვაში ისეთი შეგრძნება მოგვანიჭა, თითქოს ვარსკვლავთბიჭუნები ვიყავით და შეცდომებიც, ჩემი აზრით, აქედან გამომდინარეობდა”. 

 

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მას პოლიტიკური გეგმები აქვს, თუმცა ამ ეტაპზე პასიურ როლს შეინარჩუნებს. 

 

ირაკლი ოქრუაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004-2006 წლებში ქვეყნის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი იყო. 2006 წლის 10 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. ერთი კვირის შემდეგ ოქრუაშვილმა თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა, მმართველი გუნდიდან ოპოზიციაში გადავიდა და თანამოაზრეებთან ერთად პარტია ”ერთიანი საქართველოსთვის” დააფუძნა. 2007 წელს ირაკლი ოქრუაშვილი პარტიის ოფისში დააკავეს.

 

ირაკლი ოქრუაშვილს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით ჰქონდა მისჯილი.  მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გამოძალვაში სდებდნენ ბრალს. განაჩენი სასამართლომ 2008 წლის 28 მარტს გამოიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთიდან საქართვლოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  დაბრუნდა, იგი აეროპორტში იმ დღესვე დააკავეს,  თუმცა 2013 წელს 11 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკმაყოფილდა პროკურატურის  შუამდგომლობა ოქრუაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის – გირაოთი, 15 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე.


ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გირაოს თანხის გადახდის ან შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა 30 დღე.


სასამართლო განმარტავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაკითხულია საქმესთან დაკავშირებული თითქმის ყველა მოწმე და აღარ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, შესაბამისად, არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შემშლელი ფაქტორები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი