დეპუტატების გადაწყვეტილებით, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშს უსმენდნენ, დაიხურა.
იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატებს სხდომის დახურვის წინადადებით მიმართა, რასაც მხარი დაუჭირეს.
“იმისათვის, რომ ჩვენ საფუძვლიანად ჩავიხედოთ და გავაანალიზოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები და ასევე ვიმსჯელოთ, შემდგომში როგორ გავზარდოთ ამ უწყების მუშაობის ეფექტურობა, გთავაზობთ, დავხუროთ სხდომა და სამუშაო რეჟიმში ვიმსჯელოთ მთელ რიგ საკითხებზე,” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მხოლოდ სხდომის ნაწილი დაეხურათ, თუმცა ამ ინიციატივას კომიტეტები არ დაეთანხმენ:
“გთავაზობთ, რომ ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა და საჯაროა, ამაზე ვიმსჯელოთ და სხდომის ეს ნაწილი იყოს ღია. ამის შემდეგ, როცა ჩათვლით, რომ ამის შემდეგ იყოს ცალკე მოხსენება, დავხუროთ სხდომა,” – აღმნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში სუს-ის კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლას, კონფლიქტის ზონიდან ადამიანების გატაცებას და სხვა საკითხებს ეხება.