ახალი ამბები

ლორთქიფანიძე: ტრანსგენდერ პირთათვის სქესის აღიარებაზე სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს

12 აპრილი, 2017 • 2366
ლორთქიფანიძე: ტრანსგენდერ პირთათვის სქესის აღიარებაზე სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის აღიარების საკითხზე პირველადი მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს და საბჭოს ერთ-ერთი წევრია იუსტიციის სამინისტრო. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას არ წარმოადგენს და კომპლექსური პოლიტიკის ჩამოყალიბებას საჭიროებს:

“სქესის აღიარებასთან დაკავშირებით სერვისების განვითარების სააგენტოს როლი მხოლოდ სერვისის განხორციელებით გამოიხატება. სქესის რეგისტრაციის განხილვამდე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესწავლილი და გაანალიზებული უნდა იყოს სქესის სამართლებრივი აღიარების თანმდევი პროცესები. ამ პროცესში სერვისების განვითარების სააგენტოს როლი არის მხოლოდ ტექნიკური და მინიმალური. აუცილებელია, სქესის აღიარების საკითხზე მოხდეს სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ ასეთი პირების პრობლემებს, რასაც ისინი სამედიცინო მანიპულაციების დროს აწყდებიან, თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ წარმოადგენს მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას, ის საჭიროებს კომპლექსურ უწყებათაშორის მიდგომას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას”,- ეს განცხადება გოჩა ლორთქიფანიძემ 11 აპრილს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა, როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ საუბრობდა.

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა შესაძლებელია დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებში, ასევე, პირადობის მოწმობაში, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პიროვნება ქირურგიული ოპერაციის შედეგად შეიცვლის სქესს. საერთაშორისო სამართალი კი ამბობს, რომ ადამიანს დოკუმენტებში სქესის შესაცვლელად არ უნდა სჭირდებოდეს ქირურგიული ოპერაციის ან სტერილიზაციის ჩატარება.

 ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ – კაცი ქალის პირადობის მოწმობით და პირიქით.

მასალების გადაბეჭდვის წესი