ახალი ამბები

ეკა სირაძე საფრანგეთში საქართველოს ელჩად დანიშვნაზე

5 იანვარი, 2013 •
ეკა სირაძე საფრანგეთში საქართველოს ელჩად დანიშვნაზე

ეკა სირაძე
ეკა სირაძე

“ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის. არ ვიცი, გაავრცელა თუ არა ამის შესახებ რაიმე განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მე ამ ინფორმაციას ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ”, – განაცხადა ეკა სირაძემ.

ეკა სირაძე 2011 წლამდე “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ინფორმაციას ეკა სირაძის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით ოფიციალურად არც საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ:

“ჯერჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ გამოიწვია და ვინ დანიშნა სამინისტრომ, ვერ გავავრცელებთ, ველოდებით პრეზიდენტის განკარგულებას”, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

საფრანგეთში საქართველოს ელჩს, მამუკა კუდავას, დიპლომატიური საქმიანობის 5-წლიანი ვადა გასული წლის შემოდგომაზე ამოეწურა.

შეგახსენებთ, რომ ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა:

“საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთელი რიგი ქვეყნებიდან საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების გამოწვევის თაობაზე.

სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ ის ელჩები, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს თანამდებობები და ისინი, ვისაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა ეწურებათ.

ასევე ქვეყნის პირველმა პირმა გამოიწვია ის დიპლომატები, რომელთა შესახებაც შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.  

ამას გარდა, პრეზიდენტმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა წარადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც.  ფანჯიკიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში ის ელჩები გამოწვია, ვისაც როტაციის ვადა გასდიოდათ და ეს ყველაფერი პოლიტიკისგან დამოუკიდებლად მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი