ახალი ამბები

თვალთვალის საფუძველი ქალის გაკონტროლებაა – ნანა ფანცულაია ფრესკოში მომხდარზე

11 აპრილი, 2017 • 3106
თვალთვალის საფუძველი ქალის გაკონტროლებაა – ნანა ფანცულაია ფრესკოში მომხდარზე

“საქართველოში ქალთა ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა ფანცულაია მიიჩნევს, რომ ქალების თვალთვალი კულტურულ ნორმადაა დამკვიდრებული და ქალების კონტროლს ისახავს მიზნად. ასე გამოეხმაურა ქალთა უფლებების დამცველი “ფრესკოს” თანამშრომლების გახმაურებულ ინფორმაცის იმის თაობაზე, რომ სუპერმარკეტების ქსელის ადმინისტრაცია ქალ დასაქმებულებს გასახდელში აკვირდებოდა.

ჩნდება თუ არა ეჭვი, რომ კამერების დამონტაჟება გასახდელებში არის გენდერულად განპირობებული გადაწყვეტილება?

“ფრესკო” ისედაც შემჩნეულია კანონის დარღვევაში და თუ დავეყრდნობით ქალთა მონაყოლს, ეს კიდევ ერთი უხეში დარღვევაა ქალთა უფლებების. ქალებზე თვალთვალი, ეს არის კულტურული ნორმა. ისეთ პატრიარქალურ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ლეგიტიმურია, რომ ქალს უთვალთვალო. ამ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს, თვალთვალს ქალის გაკონტროლება უდევს საფუძვლად და შეიძლება ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს სხვადასხვა მიზნისთვის. იმ მიზნებს მერე ამართლებენ, შეიძლება, ერთი-ორი მაგალითიც თქვან, რომ ეს იყო ქურდობის გამო. მთავარი ის არის, რომ ამ შემთხვევაში დაბალი ღობეა ქალი.

“ფრესკოს” ადმინისტრაცია ამბობს, რომ მონიტორინგის სამსახური, რომელიც აკვირდებოდა ამ გასახდელებს, ქალებითაა დაკომპლექტებულიო. ეს რამდენად შეიძლება იყოს დამშვიდების საფუძველი?

მაგას მნიშვნელობა არ აქვს. რასაც კანონი ავალდებულებს და როგორც არის სტანდარტები, ისე უნდა იყოს შესრულებული. დარღვევასთან და საგანგაშოსთან გვაქვს საქმე. თუ ამაზე ხალხი და საზოგადოება ლაპარაკს დაიწყებს, ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ კომპანიის ვალდებულებას, იზრუნოს თანამშრომლებზე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მომხმარებელთან  – ყველაფერი განმარტოს და ყველაფერი ღია და გამჭვირვალე ჰქონდეს.

როგორც გავიგე, [დაცვის ოთახიდან] სიცილის ხმა ესმოდათ, რამაც ძალიან გამაღიზიანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამას ბევრად უფრო მძიმე საფუძველი აქვს. შეიძლება ეთქვათ, რომ მათი უსაფრთხოების გამოც ჰქონდათ ეს კამერებიო. საფუძველს მოკლებულია, რას ამბობს “ფრესკოს” ადმინისტრაცია. ჩემთვის, როგორც ქალთა საკითხებზე მომუშავესთვის, მნიშვნელოვანია, რას გვეუბნებიან ქალები, რომლებიც იყვნენ თვალთვალის ობიექტები.

ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს არის სექსუალური შევიწროება, როგორი დეფინიცია შეიძლება მოვუძებნოთ ამ ქმედებას?
ეს არის მათი უფლებების დარღვევა. თვალთვალი და ხითხითი და ასეთი გაგრძელება, რა თქმა უნდა, შევიწროებაა. ისედაც თქვენი თავი წარმოიდგინეთ. ვიცი, რომ ასეთი სივრცე უფრო პერსონალურია – არ შეიძლება თვალთვალი.

რას აპირებს ქალთა ფონდი? ხომ არ აპირებთ აქციის მოწყობას?

ამის საწინააღმდეგოდ ქალთა ბევრ ჯგუფს ექნება სურვილი, მეტი გაიგოს ამ ამბავზე და მხარში დაუდგნენ დაზარალებულებს. ქალთა ფონდსაც აუცილებლად გვექნება რეაგირება. სექსუალურ შევიწროებაზე სხვადასხვა ჯგუფი აწარმოებს კამპანიას, ჩვენც მათ შორის, და დავიწყეთ კიდევაც და ვფიქრობთ, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც აუცილებელია რეაგირება. ძალიან გავრცელებული პრობლემაა ქუჩაში, ტრანსპორტში, სასწავლო დაწესებულებებში და განსაკუთრებით სამუშაო ადგილას.

ნანა ფანცულაია

ნანა ფანცულაია

[სექსუალური შევიწროება] სწორედ ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასაქმებულებისგან ხდება ძალიან ხშირად, რადგან ისინი არიან მათზე დამოკიდებულები. ამ შემთხვევაში ბიზნესი, რომელიც ძალაუფლების მქონეა, რომელსაც ჰყავს დასაქმებული და რომელსაც აშანტაჟებს იმით, რომ თუ რამეზე ხმას ამოიღებენ, დაკარგავენ სამსახურს. კიდევ რა პირობებში უწევთ მუშაობა, არ ვიცით ზუსტად. ზოგადად, ხელშეკრულებები ძალიან დისკრიმინაციულია ხშირად, ქალისთვის მით უფრო დისკრიმინაციულია და საერთოდ არ ითვალისწინებს ქალისთვის შრომის სიმძიმეს.

მისთვის შრომა სამსახურში, სახლში, რომელიც ბევრი პლასტისგან შედგება, ძალიან მძიმეა, ანუ ქალზე ორიენტირებული, ქალის ინტერესიდან დანახული შრომითი კანონმდებლობა არ არის.  ბიზნესი ყოველთვის იქნება მომხრე, რომ დამქირავებლისთვის სასარგებლო იყოს ეს კონტრაქტები.

საკითხები, რომლებიც ქალების სექსუალურ შევიწროებას ეხება, ძალიან ტაბუდადებულია. ჩვენი საზოგადოებას ძალიან უჭირს ამაზე ლაპარაკი. რაზეც ვლარაკობთ, ეს გმირობის ტოლფასია. ამიტომ ესაჭიროებათ ქალებს მხარდაჭერა, რომ არ იგრძნონ თავი მარტო ბიზნესის წინაშე.


დღეს, 11 აპრილს, “ფრესკოს” ყოფილმა თანამშრომლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ “ფრესკოს” ადმინისტრაციას ქალების გასახდელში დამონტაჟებული აქვს ვიდეო კამერები და მათ უთვალთვალებდნენ.

აღნიშნული დაადასტურა “ფრესკომ” და განაცხადა, რომ ისინი ვიდეოთვალთვალს ჩხუბისა და ქურდობის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და განაცხდა, რომ გასახდელსა და ჰიგიენის ოთახებში დაუშვებელია თვალთვალი და მზად არიან, ეს საკითხი შეისწავლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი