ახალი ამბები

მოახერხებს თუ არა პროკურატურა დეპუტატების დაკითხვას?

29 დეკემბერი, 2012 •
მოახერხებს თუ არა პროკურატურა დეპუტატების დაკითხვას?

ბოლო ერთი თვის მანძილზე საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვაზე სამი დეპუტატი – როლანდ ახალაია, პაატა ლეჟავა და დავით საყვარელიძე დაიბარეს.

იურისტი თამარ ჩუგოშვილი დეპუტატის დაკითხვაზე დაბარების პროცედურას განმარტავს. მისი თქმით, პარლამენტის თანხმობა პროკურატურას ორ შემთხვევაში სჭირდება- თუ დეპუტატის სისხლის სამართლებრივი დანაშაული იკვეთება და თუ დაკითხვაზე დეპუტატის იძულებით მიყვანაა საჭირო:

“დეპუტატს ვერ მისცემ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში პარლამენტის ნებართვის გარეშე, ასევე, დეპუტატს ვერ აიძულებ მივიდეს დაკითხვაზე, მაგრამ დაბარება პროკურატურას ან გამოძიებას შეუძლია. გამოძიება შეიძლება დაიწყოს, დეპუტატი დაიბარონ, მაგრამ თუ ის არ მივა, პროკურატურას არ შეუძლია აიძულოს მანამდე, სანამ არ ექნება პარლამენტის თანხმობა. სამაგიეროდ შეუძლიათ ადგილზე დაკითხვა, პროკურორს შეუძლია თვითონ მივიდეს ადგილზე, თუ დეპუტატი არ გამოცხადდა და ჩაატაროს პროცედურები, მაგალითად, პარლამენტში”, – აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი.

როგორც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, დეპუტატების დაბარებისას ჯერჯერობით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია:

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ დაკითხვის უფლება აქვთ, უბრალოდ, უნდა დაკითხონ მოწმის სტატუსით, არ უნდა მოხდეს პასუხისგებაში მიცემა. ეჭვმიტანილი ამ დეპუტატებიდან არავინ ყოფილა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. თუ გამოიკვეთება ნიშნები, რომ დეპუტატი უკვე აღარ არის მხოლოდ მოწმე, მაშინ მათ სჭირდებათ პარლამენტის თანხმობა”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

პროკურატურის მიერ მოწმის სტატუსით დასაკითხად დაბარებული დეპუტატები ღიად აცხადებენ, რომ ისინი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და მხოლოდ საჯარო რეჟიმში უპასუხებენ გამოძიების შეკითხვებს.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენიებიდან გამომდინარე, დაკითხვაზე შესაძლოა კიდევ ორი დეპუტატი – მიხეილ მაჭავარიანი და კობა სუბელიანი დაიბარონ.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობა გამოიკვეთოს. საქმე ეხება 2012 წლის 8 სექტემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ საქართველოს 11 ქალაქში გამართული ყრილობისას პარტიის გენერალური მდივნის მიხეილ მაჭავარიანის მიერ ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების დაქირავებას.

შესაძლოა დაკითხვაზე დაიბარონ დევნილთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კი საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა სუბელიანიც. 28 დეკემბერს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2008-2009 წელს დასარიგებელი, დევნილებისათის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები, სამუშაო იარაღები, საკვები პროდუქტები არალეგალურ საწყობებშია აღმოჩენილი. დევნილთა სამინისტრომ ყველა მასალა პროკურატურას გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი