მიღებული გადაწყვეტილებით, N6 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, რომელსაც უშუალოდ ფუნქციონალურად ევალებოდა განეხორციელებინა კონტროლი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, უსაფრთხოების განყოფილების უფროსს და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს გამოეცხადათ სასტიკი საყვედურები, დაწესებულების დირექტორს გამოეცხადა შენიშვნა.
გენერალური ინსპექციის დასკვნა მასალებითურთ შემდგომი მსჯელობის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.
რუსთავის #6 ციხეში 28 წლის პატიმარი 24 დეკემბერს გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მაია ხასიას თქმით, წინა დღით, 23 დეკემბერს დაწესებულების ექიმმა 28 წლის მსჯავრდებულთან დაკავშირებით მოახდინა სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება: მოჭარბებული უხასიათობა და განწყობის დაქვეითება, ქცევის ცვლილება, რაზეც მოხდა რეაგირება და პატიმარი გადაყვანილი იქნა სხვა საკანში 24- საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. ასევე, გამოიძახეს ფსიქიატრი შემდგომი კონსულტაციისთვის.
ვიდეომონიტორინგის მიუხედავად, სამინისტროს ცნობით, პატიმარმა თვითმკვლელობა მაინც მოახერხა საკანში.
ამ ფაქტის კომენტირებისას მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა:
“დაუშვეს შეცდომა ადამიანებმა, ვისაც უნდა ედევნებინა თვალი კამერისთვის. წინასწარ იყო გაფრთხილება, რომ პატიმარი მიდრეკილი იყო სუიციდისადმი. მათ არ მიაქციეს ყურადღება. სუიციდისთვის მზადება დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა,”- განაცხადა მინისტრმა.
