ახალი ამბები

პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება

28 დეკემბერი, 2012 • 1004
პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება

“ნეტგაზეთმა” შეკითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, თუ რატომ არ ელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონს დაჩქარებულ ვადებში იღებენ?

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, ცვლილებების ეს პაკეტი მიმართულია მოსამართლეთა უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ:

 

“უფრო მეტი დაცულობისკენ, მათი სტატუსის უფრო ამაღლებისკენ, აქედან გამომდინარე, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია ვენეციის კომისიას არ აქვს. ეს არის ის პაკეტი, რომელიც პირიქით, ხელს უწყობს მოსამართლეთა უფრო მეტ დაცულობას”.

 

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შალვა შავგულიძის განმარტებით, დასკვნისთვის ლოდინი პროცესს გააჭიანურებს:

 

“დღეს ეყრება კენჭი იმიტომ, რომ ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი. იმ დასკვნის დაცდა გამოიწვევს, უბრალოდ, გაჭიანურებას და გაჭიანურებას რამდენიმე თვით იმ საკითხის, რომელიც დღეს ძალიან მნიშნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა ამ კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღება და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დაეყრდნობა იგივე სტანდარტებს, იგივე პრინციპებს, საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს, რასაც ეყრდნობა ეს კანონპროექტი. ასე რომ, ამ შემთხვევაში ჩვენ მიერ გათვალისწინებულია ყველა ის სტანდარტი და პრინციპი სამართალწარმოებისა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ველით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კანონპროექტზე რაიმე წინააღმდეგობაში შევიდეს ამ კანონპროექტთან.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის ლევან ბერძენიშვილის თქმით, დასკვნას არავინ ელოდება:

 

“არავინ ელოდება, მათ შორის არ ელოდება არც უმცირესობა. რატომ არ ველოდებით და მოსალოდნელი არ არის არანაირი სერიოზული შეფერხება, ძირითადად ვიცით მათი განწყობები ძველი ამბებიდან, ამიტომ სერიოზული შენიშვნები არ არის. პრინციპულად არ არის, ასე ვთქვათ, ლოდინი აუცილებლად.”

 

ამ წუთებში პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მესამე მოსმენა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გია ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ პარლამენტი კომისიის დასკვნას უნდა დაელოდოს.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული კანონპროექტისთვის ვეტოს დადების გადაწყვეტილება მიიღო:

 

“ვენეციიის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება, მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. იმიტომ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რეალობაში. მაშინ უკვე მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი