ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წინასწარი შედეგებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იქნება

10 აპრილი, 2017 • 2510
წინასწარი შედეგებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იქნება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა 2017 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ამ დროის მონაცემებით, კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი გამოაცხადა. თუმცა, ეგზიტპოლის მონაცემებით, მოსალოდნელი იყო მეორე ტური. 

უწყების ხელმძღვანელის, ბელა პლიევას განცხადებით, 27  საარჩევნო უბნის [სულ 77] შედეგების მიხედვით, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერს, ანატოლი ბიბილოვს ხმების 48,7%, ხოლო ამჟამინდელ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს 26,5% აქვს. მესამე კანდიდატს, ალან გაგლოევს -19,1%. ყველას წინააღმდეგ ხმა 5,7%-მა მისცა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად “სამხრეთ ოსეთისთვის” “სახელმწიფო ალანიას” გადარქმევის საკითხზე პლებისციტიც ჩატარდა, სადაც, ასევე, წინასწარი შედეგების მიხედვით, უმრავლესობამ სახელის გადარქმევას მხარი დაუჭირა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ქართული მხარის გარდა, აღნიშნული არჩევნების არალიგიტიმურობის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 7 აპრილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა.

ცხინვალის გადაწყვეტილებით, 9 აპრილის არჩევნების გამო, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი სამი დღით ჩაიკეტა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი