ახალი ამბები

კომიტეტმა ‘ნარკოტიკების შესახებ’ კანონს უარყოფითი შეფასება მისცა

26 დეკემბერი, 2012 •
კომიტეტმა ‘ნარკოტიკების შესახებ’ კანონს უარყოფითი შეფასება მისცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტში ბევრი საკითხი ღრმა შესწავლას საჭიროებს და  ის არ არის მზად პლენარულ სხდომაზე გასატანად. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი კი მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციების შეუთანხმებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

“ერთი მხრივ, უმრავლესობის წევრები არ ეთანხმებიან იმ ინიციატივას, რომელიც წარმოდგენილია კობა დავითაშვილის მიერ, მეორე მხრივ, მთავრობას აქვს აბსოლიტურად სხვა ხედვა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ წერილობითი ინფორმაცია არა გვაქვს, ამიტომ ამ სახით შესაბამისი კანონპროექტების განხილვას, მე მგონი, არანაირი აზრიც არ ჰქონდა. აქედან გამომდინარეა ისიც, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ამ ინიციატივას”.

 

როგორც კანონპროექტის ავტორი კობა დავითაშვილი განმარტავს,  კანონპროექტი პარლამენტში 2008 წელს შევიდა და 4 წლის მანძილზე უამრავი კონფერენციისა და გამოთქმული აზრის ფონზე მისთვის გაუგებარია, როცა  ხელახალი განხილვის და მომზადების საკითხს სვამენ.

 

“კანონპროექტის წინააღმდეგია, ერთი მხრივ, ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრენი, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ დეკრიმინალიზაცია და უნდათ საერთოდ, რომ ჰოლანდია იყოს და, მეორე მხრივ, ის ხალხი, რომელსაც საერთოდ არაფრის შეცვლა არ უნდა ამ სფეროში და ერთად გამოდიან კანონპროექტის წინააღმდეგ”. 

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის ინიცირებული კანონპროექტი  სისხლის სამართლის კოდექსიდან 273–ე მუხლის ამოღებას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, პირს პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ნარკოტიკის შეძენა–შენახვისთვის ეკისრებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120–დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთითა ვადით ერთ წლამდე.

 

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლში შედის მნიშვნელოვანი ცვლილება. ერთმანეთისგან იმიჯნება ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით და გასაღების მიზნით შეძენა–შენახვა–გადაზიდვა. შესაბამისად, განსხვავებულია სასჯელები. დღეს მოქმედ კანონმდებლობაში ცალ–ცალკე არსებობს ტერმინები- ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებები, ცვლილებით კი ყველა მსგავსი ნივთიერება ერთიანდება ერთი ტერმინის ქვეშ და მათ ეწოდება ფსიქოაქტიური ნივთიერებები. კანონპროექტის ავტორთა თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანიც  კანონმდებლობის დასავლურ სტანდარტებთან კვლავ მიახლოებაა.

 

კანონპროექტის მიხედვით, ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაში შეტანილი ნივთიერებების მცირე ოდენობით დამზადება, შენახვა, შეძენა, გადაზიდვა ისჯება ჯარიმით, ან 7 წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება 6–დან 12 წლამდე პატიმრობით.

 

რაც შეეხება ნარკოტიკის გასაღებას მცირე ოდენობით, ეს ითვალისწინებს 9–დან 17 წლამდე პატიმრობას, განსაკუთრებით დიდი ოდენობა კი- 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას.

 

კანონპროექტს თან დართული აქვს ფსიქოაქტიური ნივთიერებების სია და იქვე განსზღვრულია მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი