ახალი ამბები

პარლამენტი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობას იწყებს

25 დეკემბერი, 2012 •
პარლამენტი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობას იწყებს

ხვალ, 26 დეკემბერს პარლამენტი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებს. განსახილველ საკითხებს ამ წუთებში ბიუროს სხდომაზე ათანხმებენ დეპუტატები.

 

ბიუროზე რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტია წარმოდგენილი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის მთელი რიგი უფლებამოსილებები მთავრობის პრეროგატივა ხდება.

 

ხვალ “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის” შესახებ კანონპროექტის მესამედ მოისმენენ. რომლის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სამსახურს პრეზიდენტი ვეღარ გააკონტროლებს.

პარლამენტი ასევე იმსჯელებს “საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ” კანონპროექტზე, რომლის თანახმად დაზვერვის სამსახური ხდება მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე.

 

“სადაზვერვო საქმიანობის შესახებ” კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად კი სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის წესს, სადაზვერვო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურს შორის საუწყებათშორისო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას, ასევე ეროვნულ სადაზვერვო პროგრამას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

აღნიშნული საკითხების გარდა პარლამენტი “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანაზეც იმსჯელებს. ეს ცვლილებები სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის გამიჯვნას ითვალისწინებს. ასევე რეგულირდება ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელებასთან, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნასთან, კალსიფიცირებული ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული მთავრობის უფლებამოსილების საკითხი.

 

საქართველოს მთავრობა ასევე კონტრდაზვერვითი სამსახურის კონტროლსაც განახორციელებს. ამას “კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” კანონრპროექტში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. ასევე ნაცვლად პრეზიდენტისა, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს კონტრდაზვერვის კოორდინაციაზე პასუხისმგებელ სამსახურს.

ცვლილებები შედის “ნდობის ჯგუფის შესახებ” კანონშიც. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ან მათი ხელმძღვანელების მიერ კანონმდებლობის დარღვევისას წერილობით მიმართავს საქართველოს მთავრობას ამ ინფორმაციისთვის გრიფის მოხსნის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი