გასულ კვირას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორ ვლადიმერ ღლონტსა და ასოცირებულ პროფესორ ირაკლი მანველიძეს შორის სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტში ლექციების მიმდინარეობის პერიოდში მოხდა. ირაკლი მანველიძემ მას შემდეგ, რაც ის ვლადიმერ ღლონტმა სცემა, პროკურატურას მიმართა. დაპირისპირების მიზეზის შესახებ არ საუბრობს ირაკლი მანველიძე. ასოცირებული პროფესორი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ დაარტყა მას ვლადიმერ ღლონტმა.
„მეც გაოგნებული ვარ. არ ვიცი, რა მოხდა და მინდა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გაარკვიონ, რატომ მოხდა ორგანიზებული თავდასხმა ჩემზე. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო თავდასხმა,“ – ამბობს მანველიძე.
მისივე თქმით, ის სტუდენტობიდან იცნობს ვლადიმერ ღლონტს და მასთან არასდროს არ ჰქონია არანაირი სახის კონფლიქტი.
დაპირისპირების დეტალებზე ვრცლად საუბრობს სრული პროფესორი ვლადიმერ ღლონტი.
„მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მანძილზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ირაკლი მანველიძე მუდმივად აქვეყნებდა წერილებს უნივერსიტეტის შესახებ. მე მივიჩნიე, რომ ეს წერილები იყო შეურაცხმყოფელი არა მხოლოდ ჩვენი კოლექტივის თითოეული წევრისათვის, არამედ ზოგადად მთელი უნივერსიტეტისათვის. ამიტომ თავი ჩავთვალე მოვალედ, გამოვხმაურებოდი ირაკლი მანველიძის შეფასებებს. ვიცი რა ირაკლი მანველიძის პიროვნული თვისებები და მისი რეალური განზრახვები, ვუპასუხე ირონიული, მაგრამ არა დამამცირებელი ფორმით, რამაც გამოიწვია ირაკლი მანველიძეში ყველა მისი უარყოფითი ინსტინქტების გააქტიურება. შედეგიც უმალ დაიდო სოციალურ ქსელში. ირაკლი მანველიძემ მიპასუხა რამდენიმე აღვირახსნილი წერილით, რითაც შელახა ჩემი პიროვნული და ოჯახური კეთილსინდისიერება და პატიოსნება. გადადგა უპატიებელი ნაბიჯი, გადავიდა ზნეობრივ და ეთიკურ ზღვარს მიღმა.
ადამიანისთვის წმიდათაწმინდა არის მისი ღირსება, თავმოყვარეობა და ოჯახის პატიოსნება. და არც ერთი ქართველი კაცი არავის მისცემს მათი შებღალვის უფლებას. ბოლო შეფასებების წაკითხვის შემდეგ, 15 დეკემბერს დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე გამოვედი საკუთარი სამუშაო ოთახიდან და უნივერსიტეტის შენობაში, კერძოდ მეოთხე სართულის ფოიეში, ფიზიკურად გავუსწორდი ირაკლი მანველიძეს. ვნანობ, რომ ეს ინციდენტი შემემთხვა უნივერსიტეტის შენობაში, თუმცა ჩემს საქციელს არ ვნანობ და მზად ვარ, ვიტვირთო შესაბამისი პასუხისმგებლობა,“ – აცხადებს ვლადიმერ ღლონტი „ბათუმელებთან“ საუბარში.
უნივერსიტეტში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულმა ეთიკის კომიტეტმა იმსჯელა.
„ეთიკის კომიტეტი გმობს უნივერსიტეტის პროფესორთა შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას და მსგავსი ქმედებების პრევენციის მიზნით, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის მიხედვით მიზანშეწონილად მიიჩნევს პროფესორ ვლადიმერ ღლონტს და ასოცირებულ პროფესორ ირაკლი მანველიძის გაფრთხილებას ადმინისტრაციული წესით,“ _ ეთიკის კომიტეტის ეს გადაწყვეტილება „ბათუმელებს“ ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ ჩაგანავამ გააცნო.
უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც უნივერსიტეტის კედლებში მსგავსი ფაქტი ხდება.
„მიუღებელია მსგავსი საქციელი, არა მხოლოდ პროფესორის მხრიდან, არამედ საერთოდ დაუშვებლად მიმაჩნია. ეს ინციდენტი ეთიკის კომისიამ შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა გააკეთა. მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება ამ დასკვნის საფუძველზე. ეს მოხდა უნივერსიტეტის კედლებში, რაც მიუღებელია. ეს არის წარმოუდგენელი. ეს არ უნდა ხდებოდეს არც ქუჩაში და არც უნივერსიტეტში,“ – აცხადებს ალიოშა ბაკურიძე.
____
მთავარი ფოტო: ირაკლი მანველიძე [მარცხნივ] და ვლადიმერ ღლონტი [მარჯვნივ]








