ახალი ამბები

საკონსტუტუციო სასამართლოსგან სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადაზე განმარტებას ითხოვენ

24 დეკემბერი, 2012 •
საკონსტუტუციო სასამართლოსგან სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადაზე განმარტებას ითხოვენ

“პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერთიანებული 34 ორგანიზაციის სახელით მოგმართავთ ამ წერილით და ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის თარიღთან დაკავშირებით”, – ნათქვამია გიორგი პაპუაშვილის სახელზე მომზადებულ წერილში.

 

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში 2004 წლიდან დღემდე შევიდა 143–ზე მეტი კონსტიტუციური ცვლილება, რომელთაგანაც 32 უნდა ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის თვეში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. 

 

“პარადოქსული და კოლიზიურია საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი და მე-9 პუნქტები. პირველ პუნქტში ვკითხულობთ: “საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭის ყრით ხუთი წლის ვადით.” მე-9 პუნქტში კი ვკითხულობთ: “პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა”.  

 

აღნიშნული ცვლილება საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ისე, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარებულა. რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტმა მიითვისა ხალხის ექსკლუზიური უფლება და პრეზიდენტს პრეზიდენტობის ვადა ფაქტობრივად გაუგრძელა ცხრა თვემდე, რაც კონსტიტუციის მე-5 მუხლისა და 70-ე მუხლის პირველი ნაწილის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

 

საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობამ აირჩია 2008 წლის 5 იანვარს ხუთი წლის ვადით. მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო მის მიერ ფიცის დადების თანავე ანუ 2008 წლის 20 იანვარს და იწურება 2013  წლის 20 იანვარს. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით “საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.” მიხეილ სააკაშვილს ხალხმა (ამომრჩევლებმა) პირდაპირ მიანიჭა საპრეზიდენტო უფლებამოსილება ხუთი წლის ვადით. არავის არა აქვს უფლება, მათშორის არც პარლამენტს, პრეზიდენტს გაუგრძელოს უფლებამოსილება.”

 

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს გააგრძელოს საქართველოს პრეზიდენტობა 2013 წლის 20 იანვრის შემდეგაც:

 

“ამით ის ქვეყანას უთუოდ საკონსტიტუციო ჩიხში შეიყვანს. ჩვენი აზრით, ერთადერთი გამოსავალია ის, რომ 2013 წლის 20 იანვრამდე პრეზიდენტი ნებაყოფლობით გადადგეს, ან სხვა გზით ვადამდე შეწყდეს მისი სპრეზიდენტო უფლებამოსილება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლით საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე. თუკი ეს არ მოხდება და მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, მაშინ 2013 წლის 20 იანვრის შემდეგ საქართველოს აღარ ეყოლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და შეიქმნება სრული საკონსტიტუციო ვაკუმი და გაუგებრობა…

 

… ჩვენ, მემორანდუმით გაერთიანებულ ორგანიზაციებს გადაწყვეტილი გვაქვს ხელმოწერების შეგროვება გავაგრძელოთ 5 იანვრამდე. 4 იანვარს კი ვიკრიბებით პრეზიდენტის სასახლესთან. ამით ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას დემოკრატიული პრინციპებისადმი, ვადასტურებთ იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა სრულდება 2013 წლის იანვარში და ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულებას. “

 

წერილის ავტორები მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ მან 2013 წლის 4 იანვრამდე გააკეთოს საკონსტიტუციო განმარტება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით.

 

წერილს ხელს აწერენ ა/ო “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” წარმომადგენლები – რეზო ჩხეიძე, ელგუჯა ბურდული და მიხეილ ანდღულაძე, პ/გ “თეთრების” თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი, “ქართულ-ოსური მისიის” თანათავმჯდომარე გიზო შარვაშიძე და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი