ახალი ამბები

ევა გოცირიძე მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის რეგულაციების შემოღებას ითხოვს

4 აპრილი, 2017 • 3101
ევა გოცირიძე მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის რეგულაციების შემოღებას ითხოვს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საჭოს წევრი, ევა გოცირიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფლი გამონათქვამები დაუშვებელია და ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას აზიანებს.

იგი მიიჩნევს, რომ საჭიროა მუშაობა საკანონმდებლო კუთხითაც, ასევე, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება.

ეს განცხადება ევა გოცირიძემ 4 აპრილს, პარლამენტში მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“მოსამართლის ხელაღებით ლანძღვა და ისეთი ეპითეტების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, რომელსაც ახლა აქვს ადგილი ზოგიერთი პოპულისტი პოლიტიკოსის და ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან, რომელსაც მე დავარქმევდი მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებით ბოროტად გამოყენებას,”- ამბობს ევა გოცირიძე.

ევა გოცირიძის თქმით, მოსამართლეების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები პროფესიული ორგანიზაციების შეფასების საგანი უნდა გახდეს.

“თუ ეს ეხება ჟურნალისტს, ეს თემები უნდა განიხილოს ჟურნალისტური ეთიკის კომიტეტმა, თუ ეს ეხება ადვოკატს, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კომიტეტმა და ა.შ.”- განაცხადა მან.

მისი თქმით, აუცილებელია, გაუმჯობესდეს ზოგიერთი საკანონმდებლო მექანიზმი, ვინაიდან, როდესაც პირს სარჩელი შეაქვს სასამართლოში მის წინააღმდეგ ცილისწამების შემთხვევაში, ის თვითონ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ ის ფაქტები, რომლებიც მის წინააღმდეგ ვრცელდება, სინამდვილეს არ შეესაბამება და ამ ინფორმაციის გამავრცელებელი მოქმედებდა ბოროტი განზრახვით.

“ეს ყოველივე მან უნდა დაამტკიცოს უტყუარად. ეს არის სისხლის სამართლებროვი სტანდარტი, რომელიც საერთოდ არ გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებაში… არა მარტო მოსამართლე, ნებისმიერი პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი რეპუტაცია არის შელახული, არის აბსოლუტურად დაუცველი. ასეთი სარჩელის განხილვა იმ პირობებში და იმ პროცედურის გათვალისწინებით, რომელიც არის დადგენილი, თითქმის შეუძლებელია,”-განაცხადა ევა გოცირიძემ.

მისივე თქმით, გამოსავალია ცნობიერების გაზრდა, კულტურის ამაღლება, ურთიერთობის გააქტიურება პროფესიულ ორგანიზაციებთან და იმაზე ზრუნვა, რომ მათ ნამდვილად ჰქონდეთ პროფესიული ეთიკის ნორმებში ჩაწერილი, თუ რა შეიძლება.

“დადგა დრო, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს ისე, როგორც საჭიროა. ზოგიერთი ნაწილი კანონის მიხედვით უნდა გადაწყდეს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი.  მთავარი არის ცნობიერება და კულტურა, რომ მივხვდეთ, რომ მოსამართლის ხელაღებით ლანძღვა არ შეიძლება და თუ მას ისე გავლანძღავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვეღარ იქნება ისეთი ავტორიტეტული, ძლიერი და სამართლიანი, როგორსაც ჩვენ ლეგიტიმურად ველით, რომ უნდა იყოს,”- განცხადა ევა გოცირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი