ახალი ამბები

გვენეტაძე: რუსთავი 2-ს უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დღეს ჩაბარდება

4 აპრილი, 2017 •
გვენეტაძე: რუსთავი 2-ს უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დღეს ჩაბარდება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლო მხარეებს განჩინებებს დღეს, 4 აპრილს ჩააბარებს.

“დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლო ჩააბარებს მხარეებს დიდი პალატის გადაწყვეტილებას და იმ განჩინებებს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით იქნა გამოტანილი. ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ან საზოგადოებას აინტერესებს, არის გადაწყვეტილებაში და იმ განჩინებებში, რომელიც დღეს იქნება მხარეებისთვის ჩაბარებული,”- განაცხადა ნინო გვენეტაძემ დღეს, 4 აპრილს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებდა, რადგან სტანდარტს იცავდა. ეს კომენტარი მან გააკეთა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად იმის შესახებ, თუ რატომ არ ეცნობათ მხარეებს რუსთავი 2-ის საქმეზე დიდი პალატის დაკომპლექტების თარიღი.

“სასამართლო ხელისუფლება იცავს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც არა მხოლოდ ეთიკური პრინციპია, არამედ საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ დასაბუთებული გადაწყეტილების გამოქვეყნებამდე არ ყოფილიყო კომენტარი გაკეთებული, თუმცა, კონკრეტულად, თქვენ შეკითხვას რაც შეეხება დიდი პალატის ფორმირებასთან დაკავშირებით, ის, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიეწოდათ მხარეებს და გავრცელდა სასამართლოს ვებ-გვერდზე. სხვა საკითხები შეგიძლიათ გადაწყვეტილებაში ნახოთ,”- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

2 მარტს უზენაესმა სასამართლომ, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი