ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, გვარამია მის დაკავებას ‘რუსთავი 2’-ს უკავშირებს

19 დეკემბერი, 2012 •
ადვოკატის თქმით, გვარამია მის დაკავებას ‘რუსთავი 2’-ს უკავშირებს

ჭაბაშვილის თქმით, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი დაკავება პირდაპირ უკავშირდება ტელეკომპანიაში მის საქმიანობას. ადვოკატის თქმით, გვარამიას ბრალი ჯერ არ წაყენებია.

 

ნიკა გვარამია 2010 წლიდან აღარ მუშაობს საჯარო სამსახურში, მას შემდეგ, რაც ის განათლების მინისტრის პოსტიდან გადადგა, მანამდე  იუსტიციის მინისტრი იყო, უფრო ადრე – გენერალური პროკურორი და 2004 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. გვარამია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად 2012 წლის 14 ნოემბერს დაინიშნა.

 

ნიკა გვარამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს დილით დაიბარეს მოწმის სტატუსით დასაკითხად, თუმცა დღის ბოლოს საგამოძიებო სამსახურში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, სადაც ცნობილი გახდა, რომ ის სხვა პირებთან ერთად დააკავეს. კერძოდ, გამოძიების ცნობით, ნიკა გვარამია იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი, “კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის”, რომლის შედეგადაც მას 1 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი უნდა აეღო “ინტერ რაოსგან”.

 

გამოძიების ცნობით, სწორედ გვარამიამ შეაქმნევინა მის მეგობარს – გიორგი ნემსიწვერიძეს შპს „ელენდეფ სერვისი“ 2012 წლის 26 ივლისს, ხოლო შემდეგ ამ ფირმის ანგარიშზე ჩაირიცხა ფულადი თანხები, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარი, „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან – სს “ხრამჰესს 1,”  “ხრამჰესი 2”, ასევე “ მტკვარი ენერგეტიკი ”–დან და „თელასიდან“.

 

გამოძიების ცნობით, 2012 წლის 30 აგვისტოს გ. ნემსიწვერიძემ, გვარამიას დავალებით, „ელენდეფ  სერვისის“ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და გადასცა ნიკა გვარამიას.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს “ელენდეფ სერვისის” დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი