ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქვეყნებს ორ დოკუმენტს, რომლითაც სასამართლო აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას, რომ ნება დაერთოთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს განახორციელონ ნემსიწვერიძისა და დამენიას ტელეფონების მოსმენები 2012 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 13 იანვრამდე პერიოდში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარული სატელეფონო საუბრები ვებ-გვერდზე დღეს საღამოს გამოაქვეყნა, თუმცა მანამდე ეს მასალა პრემიერის მეუღლის ტელეკომპანია “მე-9 არხმა” გაავრცელა.
ეს პირველი ფარული სატელეფონო საუბრებია, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში გავრცელდა.
პირველი ფარული ჩანაწერი, გიორგი ნემსიწვერიძის და ნიკა გვარამიას დიალოგს ასახავს:
გიორგი ნემსიწვერიძე: ხო
ნიკა გვარამია: სადაც დადიხარ ახმეტელზე სამუშაოდ, იქ არის დოკუმენტები, გული, რომ გადამიქანე, მძინარეს, ხო იყავი იმ დღეს, ჭავჭავაძის 33 ა–ში დამენიას ოფისში?
გიორგი ნემსიწვერიძე: ააა, იქა?
ნიკა გვარამია: ვინც შენი კონტრაქტორია, გული გადამიქანე კაცო, ვერ გავიგე რას მეუბნებოდი, ახლა გავიღვიძე. სუბკონტრაქტორი ვინც გყავს დაქირავებული, შენ ვინც გიკეთებს მაგ სამუშაოს, რა მოგივიდა.
მეორე ფარულ ჩანაწერში კახა დამენიასა და ვანო მერაბიშვილის საუბარია:
კახა დამენია: ჩემ სეიფში იყო ის თანხა, ის 400 კი არა მილიონ 100 რაღაცაა.
ვანო მერაბიშვილი: მერე წაიღე?
კახა დამენია: ის ხო, ის რაც იყო, კომპანიის ვარიანტში.
ვანო მერაბიშვილი: ხოდა, კომპანიის არ უნდა დააბრუნონ ესაც?
კახა დამენია: ეგ ხო, როგორც თქვეს, გამოძიების ბოლომდე არ დავაბრუნებთო.
ვანო მერაბიშვილი: იყოს რა, რაც უფრო გვიან დააბრუნებ უფრო კაი არ არი? მერე ხო იცი ტკბილად შეგვრჩება.
კახა დამენია: იქედან, ხო იცი, იქედან დასაბრუნებელია თელასზე.
ვანო მერაბიშვილი: დასაბრუნებელია?
კახა დამენია: ხო, თელასზე დასაბრუნებელია.
ვანო მერაბიშვილი: საქმე ხო გაუკეთე თელასს და რა პრობლემაა?
კახა დამენია: არაა, მაგი ხო 4 კომპანიის კონტრაქტი იყო, თელასი იყო, ხრამები და მტკვარი, თელასი არაა კაკრაზ. თელასში ხო სექტემბერში საგადასახადო შევიდა და მაგიტო შეჩერდა მაგის ისა, ეგ ისედაც დასაბრუნებელია და ასედაც პრინციპში.
ვანო მერაბიშვილი: თელასს რად უნდა ფული, იმდენი ფული აქვს, კაცო.
კახა დამენია: თუ დაგვიტოვებს, დაგვიტოვოს, მაგრამ არა მგონია.
ვანო მერაბიშვილი: სხვა, როგორ ხარ?
კახა დამენია: რავი კარგად, კარგად, შენ რას შვები?
ვანო მერაბიშვილი: მე კარგად ვარ, ტელევზიაში მოვედი ახლა.
კახა დამენია: “პოსტკრიპტუმს” ვუყურებდი და გნახე.
ვანო მერაბიშვილი: სანამ დამიჭერენ, ვივლი ტელევიზიებში, ალბათ.
მესამე ფარულ ჩანაწერში ალექსანდრე ხეთაგური ესაუბრება დევი კანდელაკს:
ალექსანდრე ხეთაგური: მე ვიცი, რო შემოთავაზება გაკეთებული აქვს, მითხრა კახამ.
დევი კანდელაკი: კი, კი, ეხლა ველაპარაკებოდი კაკრაზ ხალხს და ნუ იძახიან, რა აზრი აქო, დააბრუნე თანხა და იმას ქნანო, მშვიდობაა დანარჩენი?
ალექსანდრე ხეთაგური: ხო, როცა შემოწმება შესულია, აზრი აღარ აქვს, ხო.
ვანო მერაბიშვილი: აა.. სხვა რამეს ვიძახი, კაცო, წარმოიდგინე ეხლა ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ დღეს პირველად გამოაქვეყნა ფარული სატელეფონო საუბრები. აქამდე ფარულ მოსმენებს ძირითადად შსს აწარმოებდა, თუმცა ამჯერად მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განათავსა თავის ვებ-გვერდზე.
საგამოძიებო ორგანოს ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისა და ოფიციალური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული სქემა.
საგამოძიებო ორგანოს ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულები არიან ენერგეტიკის და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენპროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 და თელასის გენერალური დირექოტრი დევი კანდელაკი, შპს “ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და ერთ–ერთი აუდიტორული კომპანიის დამფუძნებელი იზაბელა გუტიძე.
გამოძიებას აღნიშნულ საქმეზე ჯერ არ დაიკითხავს ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, ამჟამად კი “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ფარულ სატელეფონო საუბრებში ფიგურირებს.