ახალი ამბები

რამდენ ტელევიზიას შეინახავს სარეკლამო შემოსავალი

20 დეკემბერი, 2012 •
რამდენ ტელევიზიას შეინახავს სარეკლამო შემოსავალი

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოში მედია, როგორც ბიზნესი, წარუმატებელია:

 

„მედია დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკისგან. დღესაც დგას ეს პრობლემა და ჩვენი სურვილია, ამ მხრივ გადაიდგას ნაბიჯები. ხელისუფლებამ მედიას უნდა შეთავაზოს მომსახურების შესყიდვა, ამ შემთხვევაში, მედიაბაზრის განვითარება შესაძლებელია. კონკურსების გამოცხადება და კონკრეტული დაფინანსების გამოყოფა მედიის მიმართ უფრო მეტ კითხვას გააჩენს“.

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მედიაბაზრის კვლევა 2012 წლის 1 მაისი–10 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა.   

 

ნათია კაპანაძე ამბობს, მედიის განვითარების ყველაზე მძლავრ წყაროს სარეკლამო შემოსავლები უნდა წარმოადგენდეს. მისი თქმით, კვლევის ფარგლებში, საიამ 26 ორგანიზაციიდან გამოითხოვა მონაცემები, თუ სად და რომელ მედიაორგანიზაციაში განათავსეს რეკლამა:

 

„სახელმწიფო დაწესებულებების რეკლამა არ გადიოდა ბევრ ტელევიზიაში. თუმცა სახელმწიფო სამსახურების ძირითადი არჩევანი იყო ტელეკომპანია “რუსთავი 2”, “იმედი” და “პირველი არხი”. იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე ეხებოდა თბილისის მერიის რომელიმე პროექტს, მერია არ მიმართავდა „მაესტროს“ და „კავკასიას“, რომლებიც დედაქალაქს სრულყოფილად ფარავენ. ყველა შემთხვევაში, რეკლამა განთავსებული იყო დომინანტ, ნაციონალურ არხებზე.“

 

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორის შეფასებით, ამ ეტაპზე ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავლებით არსებობა გაუჭირდებათ: 

 

„ალბათ, რაიმე ხარჯების შემცირების საფუძველზე, ისინი შეძლებენ ბალანსი დაიცვან. თანდათან სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება. როცა სარეკლამო ბაზარზე იქნება ჯანსაღი კონკურენცია, ტელევიზიები მხოლოდ მაშინ შეძლებენ, რომ თავიანთი მაუწყებლობა შეინახონ რეკლამიდან მიღებული შემოსავლების მეშვეობით.“

 

ქართული მედიის სარეკლამო ბაზრის კვლევა IREX–ის დაკვეთით G-MEDIA პროგრამის ფარგლებში 2010 წელს განხორციელდა. მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ 2010 წელს მედიაბაზრის შემოსავლები რეკლამიდან  45 955 000 აშშ დოლარი იყო.

 

ამ კვლევის თანახმად, მთლიანი სარეკლამო ბიუჯეტის 98 პროცენტი თბილისზე მოდის, რეგიონებში რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა  2 პროცენტი შედგინა.

 

2010 წელს სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანიებს შორის ასე გადანაწილდა: „რუსთავი2“  – 45%, „იმედი“– 36%, „საქართველო“– 7%, „რეგიონ ტვ“– 4%, „მზე“– 4%, „კავკასია“ –2%, „პირველი სტერეო“– 1%.

 

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ სარეკლამო ხარჯების 85 პროცენტი ტელევიზიებზე, 8 პროცენტი რადიოზე, 6 პროცენტი ბეჭდურ მედიაზე, ხოლო 1 პროცენტი ახალ მედიაზე მოდის.

 

მედია ბაზრის კვლევა 2011 წელს  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირავალობა საქართველომ“ ჩაატარა.  კვლევის თანახმად, სარეკლამო სააგენტო „ჯენერალ მედიის“ მონაცემებით რეკლამის 31 პროცენტი „იმედზე“, ხოლო 28,8 პროცენტი „რუთავი 2″-ზე განთავსდა.

 

რამდენად რეალურია ამ სარეკლამო შემოსავლებით ტელევიზიების არსებობა, მაშინ, როცა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბიუჯეტი  2012 წელს 49,6 მლნ ლარი იყო, ხოლო  45 955 000 აშშ დოლარის სარეკლამო შემოსავალი კი 2010 წელს 7 ტელეკომპანიაზე გადანაწილდა. 2013 წლის ბიუჯეტში “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” 31,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ამბობს, რომ ტელებაზრისათვის არსებული სარეკლამო შემოსავალი ძალიან  დაბალია:

 

„ეს თანხა, რეალურად საკმარისი იქნება მხოლოდ  ორი ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის. მაგალითად, ერთი პოპულარული ტელესერიალის შესაძენად დაახლოებით 800 ათასი დოლარია საჭირო.“

 

გალუმაშვილის თქმით, რეკლამას ტელევიზიებში, ძირითადად, მსხვილი ბიზნესი ათავსებს:

 

„ფინანსურმა კრიზისმა იმოქმედა მსხვილ კომპანიებზე. 2008 წლის ომამდე სარეკლამო ბაზრის ძირითადი დამფინანსებლები იყვნენ დეველოპერული კომპანიები. ახლა, რეკლამის ბაზარი მწირია, რადგან დამკვეთების რაოდენობა შემცირდა. ეს ფული არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა ტელევიზიამ იფუნქციონიროს.“  

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტის შეფასებით, სარეკლამო ბაზარი რომ განვითარდეს, უნდა მოხდეს პოლიტიკისა და ბიზნესის ერთმაენეთისაგან გამიჯვნა: „ბიზნესმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად განათავსოს რეკლამა“.  

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  მედიაანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ  საქართველოში სარეკლამო ბაზარი მცირეა:

 

„თუ სარეკლამო ბაზარი ნორმალურად იფუნქციონირებს და იქნება ბიზნესგადაწყვეტილებები მიღებული და არა პოლიტიკური არგუმენტები რეკლამის განთავსების შესახებ, სამომავლოდ  მედია ბაზრის განვითარება შესაძლებელია.“ 

 

მამუკა ანღულაძის შეფასებით, საერთო მაუწყებლობის შენახვა უფრო ძვირია, ვიდრე – საინფორმაციო ტელევიზიის:

 

„დღეს წარმოუდგენელია ტელევიზია სუფთა ბიზნესზე და სარეკლამო შემოსავალზე იყოს დამოკიდებული. ყველა იმ ტელევიზიაში, რომლებიც  დღეს ბაზარზე  არიან, მოხდა სუბსუდიების განხორციელება და შეღავათების დაწესება. „იმედი“ და „რუსთავი 2“ შეღავათებით სარგებლობდა და  მაინც ვერ ახერხებდნენ ყველა გადასახადის გადახდას. ხვალ რომ ამ ტელევიზიებს სუბსიდირება შეუწყდეთ, შეიძლება რამდენიმემ სანახევროდ შეძლოს ფუნქციონირება, ზოგი კი დაიხუროს. ბაზარზე თუნდაც ერთი ტელევიზია რომ  იყოს სუბსიდირებული, ყველას გაუჭირდება საბაზრო ღირებულებით არსებობა. სუბსიდირებული ტელევიზია რეკლამაზე სხვა ფასებს დააწესებს და უფრო თამამ გადაწყვეტილებას მიიღებს და კონკურენტს არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდებს.“

 

ანდღულაძე ამბობს, რომ  ტელევიზიები ბაზარზე პოზიციებს იმის მიხედვით შეინარჩუნებენ, თუ ვის რა პროდუქტის წარმოება უნდა:

 

„მაგრამ მთელი ტელებაზარი მხოლოდ სარეკლამო შემოსავლებს რომ დაეყრდნოს, ვერც ერთი ტელევიზია ვერ შეძლებს ამ ფორმით არსებობას.“

 

ამ დროისთვის საქართველოში 10-მდე ტელევიზია მაუწყებლობს თბილისიდან და 30-მდე რეგიონებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი