“ხელისუფლებამ გამოაცხადა ბრძოლა წესების გარეშე და, მე ვფიქრობ, ისევ ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება, რომ ხვალ–ზეგ შევიკრიბოთ ოპოზიციაში და ვიმსჯელოთ, რა მეთოდებით გავაგრძელოთ ჩვენ პოლიტიკური ბრძოლა იმისათვის, რომ აბსოლუტურ კატასტროფამდე არ მივიდეს ეს ქვეყანა, არ მივიდეს იმ დაპირისპირებამდე, რომელსაც არ აქვს არანაირი თამაშის წესები. ამიტომ ჩვენ დღეს დავტოვებთ პარლამენტს, ჩვენ არ მივიღებთ ხვალაც მონაწილეობას პარლამენტის მუშობაში,” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი.

 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით,  ქვეყანა რეალურად მიადგა იმ ზღვარს, სადაც მთვრდება დემოკრატია და რომლის იქითაც იწყება განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტების ფიზიკური დევნა და განადგურება:

 

“დილიდან დაკითხვაზე იყო დაბარებული სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ამას მოჰყვა ოპოზიური ფრაქციის დეპუტატების და პრეზიდენტის წინააღმდეგ მართული აქცია, როდესაც “ქართული ოცნების” აქტივისტებმა სცადეს ოფისში შეჭრა და ფიზიკური ანგარიშსწორება პრეზიდენტის და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ. ამას მოყვა ქვეყანაში ყველაზე პოპულარული, თავისუფალი ტელევიზიის “რუსთავი 2″–ის გენერალური  დირექტორის დაპატიმრება.” 

 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი მოვლენები სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია:

 

“მე მინდა ვთხოვო განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორს, ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენ შევხვდებით აუცილებლად უცხოელებსაც, მაგრამ თუ დღეს ხელისუფლებას  კონკრეტული პასუხი არ მივეცით ყველა ამ უკანონობაზე, რაც ქვეყანაში ხდება, ხვალ ჩვენ საქართველოს ვერ ავაშენებთ, სამწუხაროდ.”

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა, რომელიც ჯერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. პარალალურად გაიმართა საპროტესტო აქცია, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან დეპუტატების შეურაცხყოფას.

 

ასევე, დღეს საქართველოს ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ  ყოფილი მაღალჩინოსნები ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური დააკავეს. 

 

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით,  გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისა და ოფიციალური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული სქემა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *