ახალი ამბები

კაზინოები – ქვეყნის იმიჯის შელახვა თუ პრემიერის შეცდომა?

19 დეკემბერი, 2012 • 2413
კაზინოები – ქვეყნის იმიჯის შელახვა თუ პრემიერის შეცდომა?

“ძროხა, მიწა, სახლი – ყველაფერს ყიდიან სოფლებშიც კი, რომ ბათუმში ჩამოვიდნენ და ითამაშონ. ბევრი ოჯახი დატოვა ბათუმის კაზინოებმა უსახლკაროდ”, – ასე აფასებს თურქეთის ერთ-ერთი მოქალაქე კაზინოების არსებობას ბათუმში.

 

ტურსონ ჰანის სახელით ინტერნეტში ბლოგერი წერს იმაზე, რომ ბათუმის კაზინოების მეშვეობით შავი ფული თეთრდება. ის თავის ბლოგში საუბრობს თურქეთის საკითხებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველთან თავის ურთიერთობაზეც. ტურსონ ჰანი მრავალმხრივ დანაშაულზე ყვება. 

 

ტურსონ ჰანის შესახებ იციან როგორც აჭარის მთავრობაში, ისე ბათუმში მოქმედ ყველა კაზინოში. კაზინოების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ მენეჯერთაგან ზოგიერთი მას პათოლოგს უწოდებს, ზოგიერთის თქმით, მან დიდი თანხა წააგო კაზინო “ივერიაში” და გაბოროტებულია, ზოგიერთის განმარტებით კი, ტურსონ ჰანი გამომძალველი და “ჩვეულებრივი გიჟია”, რომელიც ადრე კვიპროსის კაზინოებს ერჩოდა, ახლა კი ბათუმის კაზინოები ამოიღო მიზანში. 

 

ადამიანი, რომლის შესახებაც კაზინოების ოფიციალურმა პირებმა იციან, “ბათუმელებს” მხოლოდ ელექტრონული ფოსტით ურთიერთობაზე დათანხმდა. მასთან ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ თითქოსდა ჩადენილ დანაშაულს ეხება, ერთადერთ ამონარიდს ვაქვეყნებთ (მოწოდებული ინფორმაციის გადაუმოწმებლობის გამო მის მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციებისა და ადამიანების დასახელებისგან “ბათუმელები” თავს იკავებს): 

 

“ფულით სავსე ჩანთებს ისინი აძლევენ ქართველებსა და თურქებს, რომლებმაც დაკარგეს მთელი ფული კაზინოში და ატარებენ სარფის საზღვრის გავლით დაურეგისტრირებლად (უკან დაბრუნების დროს ისინი მათ უხდიან თანხას კურიერული მომსახურების გაწევისთვის). შემდეგ, ისინი თურქული საბანკო ანგარიშის დეპოზიტზე დებენ თანხას. შემდეგ რიცხავენ იქ, სადაც უნდა წავიდეს ფული…

 

არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია კურიერები, როდესაც კვეთენ საზღვარს იმისათვის, რომ დეპოზიტებზე განათავსონ ფული. ასევე, არსებობს საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულის გადახდისა და დეპოზიტების ამსახველი ქვითრების შესახებ ინფორმაცია”.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კაზინოებზე საუბრის დროს თურქულ გამოცემა “საბაჰთან” გამოიყენა შეფასება – “ქვეყნის იმიჯი ილახება”. შეიძლება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება ემყარებოდეს ზემოთ მითითებულ ინფორმაციას ფულის გათეთრების შესახებ? ან ეს ინფორმაცია ხომ არ გახდა კაზინოების დახურვაზე ხელისუფლების განცხადების საფუძველი? აჭარაში მოქმედი კაზინოების მენეჯერები ამბობენ, რომ – არა. 

 

“აჭარაბეთის” დირექტორი პაატა ქუთელია კაზინოების მოსალოდნელი დახურვის შესახებ: “ცოტა ხნის წინ მთავრობა შეგვხვდა. არჩილ ხაბაძემ – რითი დაგეხმაროთ, რამეში ხელი ხომ არ გეშლებათო. ვფიქრობ, ადგილობრივი მთავრობა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ამ სახის შეხვედრას ვერ დაგეგმავდა”.

 

პაატა ქუთელიას თქმით, მათ ამ შეხვედრაზე ხელისუფლებას გააცნეს თავიანთი ხედვა კაზინოების მომავალი საქმიანობის შესახებ: “ჩვენ შევთავაზეთ ბარიერის აწევა – ახლა კაზინოში შემოსვლა შეუძლია 21 წლის ზევით ახალგაზრდას, ჩვენ ბარიერის აწევა 25 წლამდე შევთავაზეთ”.

 

უქმნის თუ არა ქვეყანას პრობლემას ბათუმის კაზინოები? – ამ კითხვის პასუხად პაატა ქუთელია ისევ მთავრობის პოზიციას იშველიებს: “ფინანსთა მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის თქმით, კაზინოებში საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 5-3 პროცენტი დადის. ეს ინფორმაცია მათ ჩვენზე უკეთ იციან”. კაზინო “აჭარაბეთში” 160 ადამიანი მუშაობს – ამ ინფორმაციის წყაროც პაატა ქუთელიაა. 

 

ნური ძნელაძე, “ინტურისტის” კაზინოს მენეჯერიც იმავეს ადასტურებს, რასაც პაატა ქუთელია. აჭარის მთავრობასთან კაზინოების მენეჯერების შეხვედრას ისიც მხოლოდ პოზიტიურად აფასებს. რაც შეეხება ბიუჯეტთან მისი კომპანიის ურთიერთობას, ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და “ბათუმელებს” შეუძლია ის მოიპოვოს. 

 

ნური ძნელაძეს არ სურს შეაფასოს ბიძინა ივანიშვილის განცხადება – “მე არ ვიცი, ამას რა კონტექსტში გამოიყენებთ, მხოლოდ ჩემს ნათქვამს დაბეჭდავთ თუ კიდევ რას მიამატებთ… ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასება შეგიძლიათ ბიძინა ივანიშვილს სთხოვოთ”.

 

“ბათუმელებმა” დაკავშირება მოახერხა სასტუმრო “შერატონში” არსებული კაზინოს აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწესთან. ცუდს არც შოთა ამირანაშვილი ელის: “ივანიშვილის ეს განცხადება მაშინაა გაკეთებული, როცა ახალ მთავრობაში არავის ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, რა შემოსავალი შედიოდა ბიუჯეტში, რა სიტუაცია იყო სათამაშო ბიზნესში. არ შეიძლება ითქვას ასე პირდაპირ, რომ ბიუჯეტში შეაქვს ამდენი – შეიძლება თბილისისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ბათუმის ბიუჯეტის უდიდესი წილი მოდის სათამაშო ბიზნესზე… იგივე განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა ბიზნესსექტორთან დაკავშირებითაც, მაგრამ ანალიზის გაკეთების შემდეგ ბევრი ნათქვამი შეცვალეს”.

 

შოთა ამირანაშვილის თქმით, კაზინო “მშვიდობა” 16 მაგიდით (მოსაკრებელი ყოველკვარტალურად 18 ათასი ლარი) და 100 სათამაშო აპარატით ოპერირებს (ერთ აპარატზე ყოველკვარტალურად 2000 ლარია). ამას ემატება 200 ათასი – სლოტ-აპარატების სალიცენზიო მოსაკრებელი. 

 

მშრალი სტატისტიკა

 

“ბათუმელებმა” ფინანსთა სამინისტროს სთხოვა მოეწოდებინა ინფორმაცია, კაზინოების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხის საერთო ოდენობის შესახებ. სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტი მსგავს ინფორმაციას არ შეიცავს. თუმცა, არსებობს ბიძინა ივანიშვილის განცხადება თურქულ “საბაჰთან”. ამ გამოცემას პრემიერ-მინისტრმა უთხრა, რომ კაზინოებიდან შესული თანხა “ქვეყნის ბიუჯეტის 1%-ია”. პრემიერის განცხადებას თუ ვენდობით, კაზინოებს შარშან ცენტრალურ ბიუჯეტში სულ 80 მილიონი ლარი, თითოეულს კი, საშუალოდ, 20 მილიონი ლარი უნდა ჰქონდეს შეტანილი, რაც საშუალო დონის საწარმოს შენატანიც შეიძლება იყოს.

 

ბათუმში 4 კაზინო ფუნქციონირებს – სასტუმრო “შერატონში” არსებული კაზინო “მშვიდობა”, სასტუმრო “რედისონში” არსებული კაზინო – “ივერია”, სასტუმრო “ინტურისტის” კაზინო – “გრანდ კაზინო ინტურისტი” და კაზინო “აჭარაბეთი”, რომელიც ბათუმში, დრამატული თეატრის წინ მდებარეობს.

 

სტატისტიკის თანახმად, ბათუმის კაზინოებში 49 სათამაშო მაგიდა ფუნქციონირებს და დაახლოებით 800 ადამიანია დასაქმებული. ერთ მაგიდაზე კაზინო ყოველ კვარტალურად 18 ათას ლარს იხდის. შესაბამისად, ბათუმის ბიუჯეტი ამ გადასახადით ყოველწლიურად 3,6 მილიონამდე ლარს იღებს. 

 

კაზინოები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადს, ასევე, სანებართვო გადასახადებსაც იხდიან. ყველა ეს გადასახადი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში შედის. 

 

ქვეყანაში არსებობს სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული სტანდარტი, მაგალითად, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სანებართვო მოსაკრებელი კაზინოზე წელიწადში 250 000, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიებზე 5 მილიონი ლარია.

 

განკარგულება, რომელიც სანებართვო მოსაკრებლის საკითხს არეგულირებს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს შეიცავს: 100 ნომრის მქონე სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში, კომპანია 10 წლის ვადით თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისგან.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა ივანიშვილის ცნობით, ბათუმში მოქმედი ოთხი კაზინოდან სანებართვო მოსაკრებელს – 250 ათას ლარს ყოველწლიურად იხდის მხოლოდ შპს “გრანდ ინტურისტი” და შპს “კონტრასტი+” (სავარაუდოდ, ეს “აჭარაბეთის” სახელით ცნობილი კაზინოს იურიდიული სახელწოდებაა). სანებართვო მოსაკრებელს არ იხდიან შპს “მშვიდობა” (სასტუმრო „შერატონი“) და შპს „ლიმონი 2009“ (სასტუმრო „რედისონი“).

 

“სწორედ ამ მიზეზით აქტიურად ხორციელდება ბათუმში სასტუმროების მშენებლობა”, – აცხადებს ბათუმის მერიის საფინანსო განყოფილების უფროსი არჩილ ვანაძე. 

 

რაც შეეხება აჭარის მთავრობას, აქ ადასტურებენ კაზინოს მენეჯერებთან შეხვედრას, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავენ ტურსონ ჰანთან რაიმე სახის ურთიერთობას. მთავრობაში ამბობენ: “არ ყოფილა მაგ ადამიანთან არავითარი ურთიერთობა და არც შეიძლება ყოფილიყო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი