ახალი ამბები

ბობოხიძე უსუფაშვილს: დავთვალოთ დეპუტატები

18 დეკემბერი, 2012 • 975
ბობოხიძე უსუფაშვილს: დავთვალოთ დეპუტატები

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა კაკო ბობოხიძემ სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, დეპუტატები დაეთვალათ, რადგან ჩათვალა, რომ ამ რაოდენობის პარლამენტარები კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში არ იყვნენ:

 

“სინამდვილეში საკითხმა მიიღო ნაკლები ხმა, ვიდრე დაფიქსირდა ტაბლოზე, ანუ ზოგიერთის პულტი იქნა გამოყენებული სხვის მიერ, ამიტომ წავიკითხოთ სია”.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნული წინადადება არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, პარლამენტარების ნაწილი გასული იყო დარბაზიდან, ზოგი მერე შემოვიდა და ის თვლას ვერ დაიწყებდა.

 

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა კენჭი სხვა საკითხებსაც უყარა. 

 

საქართველოს კანონის პროექტი “ადმინისტრაციულ სახდელისგან გათავისუფლების შესახებ”  89 ხმით  1–ის  წინააღმდეგ დამტკიცდა. 

 

“პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” –  კვოტების შესახებ 95 ხმით 0–ის წინააღმდეგ დაამტკიცა პარლამენტმა.

 

“საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 98 ხმით 0–ის წინააღმდეგ, ხოლო “სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ” კანონპროექტი  პარლამენტმა  101 ხმით  0–ის წინააღმდეგ მიიღო. ასევე კენჭი ეყარა “საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას”. აღნიშნულ კანონპროექტს 73 მომხრე და 13 მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. აღნიშნულ კანონპროექტში განსახორციელებელი ცვლილებების ალტერნატიული წინადადება ჰქონდა საპარლამენტო უმცირესობას, თუმცა საკითხი 24 მომხრით 66–ის წინააღმდეგ ჩავარდა. 

 

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი 75 ხმით  4–ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

 

ამ წუთებში პარლამენტი ირინა იმერლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივის “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კანონში ცვლილებების შეტანის თობაზე” პირველი მოსმენა მიმდინარეობს. იმერლიშვილის ინიცირებული კანონპროექტი აღნიშნულ სფეროში პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შემცირებას და მთვრობისთვის გაზრდას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი