ახალი ამბები

განადგურდა თუ არა ბექობის არწივის აქტიური ბუდე?

27 მარტი, 2017 • 3645
განადგურდა თუ არა ბექობის არწივის აქტიური ბუდე?

ორგანიზაცია “საბუკოს” ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ჯანდარის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას წითელი ნუსხის, ბექობის არწივის საბუდარი ტერიტორია გაანადგურა. ამას არ ეთანხმებიან სსე-ში. საკითხს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური სწავლობს.

“საბუკოს” დირექტორის, ალექსანდრე რუხაიას თქმით,  ჯანდარის ტერიტორიაზე  ორი ანძა არსებობდა და ორივე მათგაზე იყო ბუდე, თუმცა მხოლოდ ერთ-ერთი იყო აქტიური.

“სწორედ აქტიური ანძის დემონტაჟი მოხდა. მდგომარეობის შესამსუბუქებლად #40 ანძა დატოვეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ანძაზე რეპროდუქციის გაგრძელება შეუძლებელია, რადგან აქტიური არ არის. ბექობის არწივი ტერიტორიული ფრინველია, როცა ის ერთ წერტილს ირჩევს, ძალიან დიდი ხანი ამ წერტილზეა მიჯაჭვული”.

რუხაიას თქმით, ამ ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს და გამორიცხულია, რომ მეორე ანძაზე ბექობის არწივმა დაიბუდოს.

“ახლა რეპროდუქციის ყველაზე ხელსაყრელი დროა, უკუმიგრაცია ხდება, ფრინველები საკუთარ საბუდარ წერტილებში  ბრუნდებიან და თუ ბუდე ვერ ნახეს, სხვაგან გაფრინდებიან.”

სახელმწიფო ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სამუშაოები გარემოს ზემოქმედების შეფასების დასკვნის მიხედვით აწარმოეს:

“ჩვენმა კომპანიამ სამუშაოები აწარმოა გარემოს ზემოქმედების შეფასების დასკვნის მიხედვით. ჩვენ სამუშაოები ამ დასკვნის მიხედვით ვაწარმოეთ და ბოძი, რომელიც ამ შეფასების დოკუმენტში იყო მითითებული, იქ არის და ბუდეც არის მასზე. ამ დასკვნაში მითითებულია მეორმოცე ბოძი და მისი დემონტაჟი არ მომხდარა.”

საკითხს უკვე სწავლობს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური. სააგენტოს წარმომადგენლები დღეს ჯანდარის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ნელი კორკოტაძის თქმით, სს სახელმწიფო ელექტორისტემამ  110-კილოვატიანი საჰაერო ელექტოგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განახორციელა:

“ტერიტორიაზე დაფიქსირდა ერთი საყრდენი, რომელზეც ბუდე შეინიშნებოდა. მეორე საყრდენი ადგილზე არ დაგვხდა. ეს აქტით დავაფიქსირეთ. ახლა ვარკვევთ, რომელია ის საყრდენი, რომელზეც ბექობის არწივის აქტიური ბუდე იყო. ინფორმაცია გამოვითხოვეთ ეკონომიკის სამინისტროდან, ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან, ასევე, სახელმწიფო ელექტროსისტემიდან და ორგანიზაცია საბუკოდან, რომელმაც პირველად მოგვმართა,”  – ამბობს ნელი კორკოტაძე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

ალექსანდრე რუხაიას განმარტებით, ამ ტერიტორიის მიმდებარე ალტერნატიული წერტილები უნდა მოიძებნოს, სადაც ხელოვნურ ბუდეებს განათავსებენ:

“მოსაძებნია ახალი ადგილი ისე, რომ სხვა წყვილებს არ შეეშალოთ ხელი. ასეთ ადგილზე უნდა დაიდგას რამდენიმე ხელოვნური ბუდე და მერე უნდა ვიმედოვნოთ, რომ განადგურებულ ადგილზე მობინადრე არწივების წყვილი ახალ ადგილზე დაიდებს ბუდეს.”

“სახელმწიფო ელექტოსისტემის” ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტიშ პეტროლიუმი” (BP) ავითარებს ნავთობის საქაჩ (CSG1) მაღალი წნევის სადგურებს საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, სსე, როგორც კონტრაქტორი, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, აწარმოებს აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ამჟამად მიმდინარეობს 110/10 კვ ქ/ს ,,ჯანდარას” მშენებლობა, რომელიც შემდგომში მიერთებული იქნება ქ/ს “გარდაბანი 500”-თან 110 კვ ეგხ BP-ის საშუალებით, აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებს აგრეთვე განახორციელებს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”.

პროექტი დაიწყო 2016 წლის 1 ოქტომბერს. დასრულების სავარაუდო თარიღი 2017 წლის 30 აპრილია. პროექტის ღირებულება 7,38 მილიონი ლარია დღგ-ის გარეშე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი