ახალი ამბები

ენმ-მ პარლამენტს მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის გამარტივების ინიციატივით მიმართა

27 მარტი, 2017 • 1758
ენმ-მ პარლამენტს მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის გამარტივების ინიციატივით მიმართა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომელიც  მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას ეხება.

ცვლილებების მიხედვით, მოხდება 500 000 ლარამდე (დღეს არსებული  50 000 ლარის ნაცვლად) გადასახადებისგან  თავის  არიდების დეკრიმინალიზაცია.  ასეთ  შემთხვევებში დავა  მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება.

გარდა ამისა, ფიზიკური პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე:

“რაც საშუალებას მისცემს დამატებით ათი ათასობით ადამიანს, ისარგებლოს ამ შეღავათიანი საგადასახადო სტატუსით; 90 000  ლარამდე  ინდმეწარმის  ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, არ დაიბეგრება,” – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ამასთან, ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი  აიწევა  100 000 ლარიდან  200 000 ლარამდე.

“შედეგად,  მცირე  ბიზნესით დაკავებული ათასობით ფიზიკური პირისთვის საგადასახადო-ადმინისტრირების ტვირთი შემცირდება. 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება.”

ცვლილებების მიხედვით, 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაიზრდება  დღგ-ით  დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი.

“ეს დღგ-სგან გაათავისუფლებს ათიათასობით იურიდიულ  და ფიზიკურ  პირს  (მცირე  ბიზნესს და ინდმეწარმეებს). ეს  შეღავათი გავრცელდება იმ  ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს.  დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის  მქონე სუბიექტები გადაიხდიან.”

ცვლილებები ეხება საფოსტო გზავნილების დაბეგვრის წესსაც. კერძოდ, საფოსტო გზავნილების  მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი 300 ლარის ნაცვლად გახდება 1000 ლარი. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება  ასი ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, დაუბეგრავად შეიძინოს მისთვის სასურველი საქონელი საზღვარგარეთ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით.

ამასთან, გაუქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ორწლიანი პერიოდი. ასევე გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ექვსთვიანი პერიოდი.

პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ კანონპროექტები გამომდინარეობს  ნაციონალური მოძრაობის 2016 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი იდეებიდან და მიზნად ისახავს საარჩევნო დაპირებების ხორცშესხმას.

“საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას. შემდგომი, მეორე ეტაპის  საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს  ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას,” – ამბობს გოცირიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი