ახალი ამბები

ადვოკატები დეკანოზ მამალაძის საპატიმრო სანქციის შეცვლას მოითხოვენ

26 მარტი, 2017 • 2334
ადვოკატები დეკანოზ მამალაძის საპატიმრო სანქციის შეცვლას მოითხოვენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლას და მის გათავისუფლებას მოითხოვენ ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სავარაუდოდ 27 მარტს გაიმართება სხდომა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

აღნიშნულ სხდომაზე სასამართლომ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც გამოძიება ითხოვს დეკანოზ მამალაძის საქმის წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებას, რომელიც დანიშნული იყო 2017 წლის 5 აპრილს, 11 საათზე.

“რადგანაც შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა 24 მარტს, თუ დააკმაყოფილა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა და, დარწმუნებული ვარ, დააკმაყოფილებს წინსასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ, ამის შემდეგ, 72 საათში, სასამართლო მოიწვევს მხარეებს, რათა დაადგინოს, აუცილებელია თუ არა მამა გიორგის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვოს, ამ დროს მოხდება ჩვენი პოზიციის დაფიქსირება პატიმრობიდან განთავისუფლების თაობაზე”,- უთხრა მიხეილ რამიშვილმა ნეტგაზეთს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 23 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა ე.წ  „ციანიდის საქმეზე“ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვის შესახებ. ამის მიზეზად სასამართლომ დაასახელა შუამდგომლობაში არსებითი ხასიათის საპროცესო ნორმის მოთხოვნების უგულებელყოფა. სასამართლოს განმარტებით, დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლისა და 332-ე მუხლის იმპერატიულად დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც ის არ იქნა დაკმაყოფილებული.

“ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რის გამოც შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული, არის ის, რომ შუამდგომლობა წინააღმდეგობაშია მოქმედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან,  გამომდინარე იქიდან,  რომ საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ძველი, კერძოდ, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად, რაც სასამართლოში მოწმის დაკითხვას არ ითვალისწინებს. ამდენად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი შუამდგომლობა არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან, მეტიც- ცალსახად ეწინააღმდეგება მას.

ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა შესაბამისობაში რომც ყოფილიყო ზემოაღნიშნულ საპროცესო ნორმებთან, არ იყო გათვალისწინებული და დაცული სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკითხვის ახალი წესი, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მოთხოვნები. დაცვის მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს პირის მოწმის სახით სასამართლოში დაკითხვის შუამდგომლობით მხოლოდ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ეს გარემოებებია: 1. თუ არსებობს მოწმის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს; 2. იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს; 3. არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს; 4. ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით”, – ასე განმარტა სასამართლომ უარის მიზეზი.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. “ციანიდის საქმეზე” მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი