ახალი ამბები

წულუკიანი: გუნავა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ყველას შეუყვარდა ეს საქმე

16 დეკემბერი, 2012 • 1139
წულუკიანი: გუნავა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ყველას შეუყვარდა ეს საქმე

რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც თენგიზ გუნავას პროკურატურაში შეტანილი საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობს? ჭიანურდება თუ არა ეს გამოძიება, როგორც ამას თავად გუნავა აცხადებს? – ამ კითხვებზე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გამოძიება “ორ დღეში ვერ დასრულდებოდა”. მისი თქმით, გუნავას საჩივრის თაობაზე, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს პოლიციელებმა და მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს:

 

“არჩილ კბილაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ შსს-ს ან თვითონ კბილაშვილს კი არ გამოეძიებინა ეს საჩივარი, არამედ იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. თუკი ჩვენ არ მივაქცევდით ყურადღებას საჩივარს და მოვიქცეოდით სააკაშვილივით ან მერაბიშვილივით, რომლებმაც გირგვლიანის საქმის გამოძიება დათა ახალაიას ჩააბარეს, მაშინ ვიქნებოდით იგივე გუნდი, რაც გავისტუმრეთ”.

 

თეა წულუკიანის თქმით, მაშინ, როცა გუნავა საჩივარში რამდენიმე პოლიციელს ადებს ხელს, საზოგადოებაში საფუძვლიან ეჭვებს წარმოშობდა, თუკი ამ საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია გამოძიებდა, ან პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს შსს-ს გამოძიებაზე.

 

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ გუნავას საქმესთან დაკავშირები, მათთან წარდგენილია პარლამენტარ აკაკი მინაშვილის მეუღლის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა გუნავას დაკავებამდე მასზე ავტომანქანებით განხორციელებული თვალთვალის შესახებ; ასევე, დაკითხულია თავად თენგიზ გუნავა, ის ადამიანებიც, ვისაც იგი ბრალს სდებს მის წინააღმდეგ ჩადენილ უკანონობებში; ამოღებულია გუნავას მიერ მითითებული ქუჩების ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

 

“სულ ახლახანს მან გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა ნარკოტიკების მოხმარებაზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ ამ დასკვნითაც უნდა დავინტერესდეთ. არსებობს კონფლიქტი ორ დასკვნას შორის და გამოძიებამ უნდა გადაჭრას ეს საკითხი,” – აცხადებს თეა წულუკიანი.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა 2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ის ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს. გუნავა მისთვის ბრალის წაყენებას ბაჩო ახალაიასთან  მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებს. მან ჩაიტარა ექსპერტიზა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არანაირი ნარკოტიკი არ მოუხმარია გარდა მისი დაკავების შემთხვევისა, როცა მის ორგანიზმში იყო ნარკოტიკული საშუალება მორფინი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, დაკითხვისას წყალში გარეული დაალევინეს. გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში “მაკაროვის” სისტემის იარაღი ჩაუდეს.

 

აღნიშნულ საქმეზე 18 ნოემბერს მას სასამართლომ 10 ათასლარიანი გირაო შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით, ხოლო მეორე დღეს, 19 ნოემბერს მან პროკურატურას მიმართა საჩივრით შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე განყოფილების დეტექტივებისა და გამომძიებლების წინააღმდეგ, რომლებმაც, მისი თქმით, მას დაკავებისას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს, ასევე დაალევინეს ნარკოტიკგარეული წყალი.

 

ამის შემდეგ, 29 ნოემბერს გუნავა მეორედ დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მხლით – 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 182-ე მუხლებით (მითვისება) წაუყენეს, თუმცა 2 დეკემბერს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, კვლავაც 10 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი