ახალი ამბები

ყარამანიშვილები ამბობენ, რომ რუსთავი 2-ის წილების 40%-ს თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადასცემენ

23 მარტი, 2017 • 1573
ყარამანიშვილები ამბობენ, რომ რუსთავი 2-ის წილების 40%-ს თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადასცემენ

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის წილების 80%-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები წილების 40%-ს ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე მზადყოფნას გამოთქვამენ:

“მივმართავთ რუსთავი 2-ის კოლექტივს, მის თითოეულ თანამშრომელს. მეგობრებო, თქვენი როლი საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეუფასებელია. რომ არა თქვენი ყოველდღიური თავდადება, დღეს რუსთავი2 აღარ იარსებებდა, ან უკვე გადაქცეული იქნებოდა ივანიშვილის პირად, პროპაგანდისტულ არხად. ის, რაც თქვენ შეძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის შეტევა ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად ღია ფაზაში შევიდა, არის სამოქალაქო გმირობა, რომელიც შევა საქართველოს ისტორიაში. კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა სიმამაცე და ტიტანური შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს ამისთვის! თქვენი ბრძოლის შედეგად, რუსთავი 2 გადაიქცა ჭეშმარიტად სახალხო ტელევიზიად. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და პრინციპულობისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, ტელეკომპანიის მფლობელებმა გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ შემდეგი” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ყარმანიშვილები მზად არიან, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 40%-იანი წილი კოლექტივს უსასყიდლოდ გადასცენ.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი წილები ამჟამად დაყადაღებულია, ყარამანიშვილები მზადყოფნას გამოთქვამენ, ხელშეკრულებები ახლავე გააფორმონ იმ პირობით, რომ ყადაღის მოხსნისთანავე წილის გადაცემა ძალაში შევიდეს:

“ჩვენი წილები ტელეკომპანია რუსთავი 2-ში (40%) უსასყიდლოდ გადაეცეს ტელეკომპანიის კოლექტივს, რათა თქვენ უკვე მფლობელების რანგში გახდეთ ტელევიზიის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი და თანამონაწილე. მოგეხსენებათ, ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე იმ პირობით, წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე” – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი