ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე: მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც ლექციებს გვიკითხავს და ჭკუას გვასწავლის

22 მარტი, 2017 • 2740
გედევან ფოფხაძე: მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც ლექციებს გვიკითხავს და ჭკუას გვასწავლის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო პრეზიდენტი, რომელიც ლექციებს უკითხავს და ჭკუას არიგებს. ამის შესახებ მან “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვისას განაცხადა.

“როცა 2012 წელს ყველა ერთად ვიყავით, ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობდით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 2012 წლის ყველა მიზანს, პრინციპს, ღირებულებას, იდეას ხაზს გადაუსვამდა და ლაპარაკს სულ სხვა კუთხით და სხვა მიზნებით დაგვიწყებდა. მგონია, რომ დღეს იმ პრინციპს ვიცავთ, რაზეც მაშინ შევთანხმდით: ვიცავთ ძლიერი სახელმწიფოს პრინციპს. სახელმწიფოსი, სადაც ადამიანის უფლებები არ იქნება ცარიელი სიტყვები და ადამიანი იქნება დაცული. ადამიანი დაცული რომ იყოს, ძლიერი სახელმწიფო გვჭირდება. ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება პრეზიდენტის ვეტო,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, ამას არა სიხარულით, არამედ  გულსიტკივილით ამბობს:

“ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც ლექციებს გვიკითხავს და ჭკუას გვასწავლის, მაშინ, როდესაც მორალურად ჩვენ არაფერში ვართ მასთან დამნაშავე და არაფერი შეგვშლია. პატიოსნად დავუჭირეთ მხარი და მოვაგებინეთ არჩევნები. ჩვენს გუნდის გარეშე მეეჭვება, მას არჩევნები მოეგო, მაგრამ მან ეს მანდატი ქართველი ხალხის და ქართული ოცნების საზიანოდ მოაბრუნა. დაუშვებელია, პრეზიდენტის ინსტიტუტი შემაფერხებელ ბერკეტად იქცეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე. მას აქედან მკვეთრად უნდა გაეცეს პასუხი, რომ პარლამენტი ამის გაკეთებას არ აპირებს.”

დეპუტატის აზრით, თუ პრეზიდენტი ხდება ოპოზიციის პრეზიდენტი და არა ხალხის და სახელმწიფოსი, პარლამენტმა მკვეთრად უნდა გასცეს პასუხი, რომ მათთვის ასეთი პრეზიდენტი მიუღებელია.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

მოტივირებული შენიშვნების მიხედვით,  ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო მის დამოუკიდებლობაზე. შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა 20  მარტს ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის  თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.

პარლამენტმა შეცვალა მოსმენების არსებული კანონმდებლობა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

“ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასევე არაკონსტიტუციურია ფარული მოსმენების ის მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ისინი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის ვერსიას განიხილავენ.

ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევდა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი