ახალი ამბები

პარლამენტში თამბაქოს კვამლით გამოყოფილი წვრილი ნაწილაკების შემცველობა ნორმას აღემატება

22 მარტი, 2017 • 1998
პარლამენტში თამბაქოს კვამლით გამოყოფილი წვრილი ნაწილაკების შემცველობა ნორმას აღემატება

ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ჰაერში თამბაქოს კვამლით გამოყოფილი წვრილი ნაწილაკების შემცველობა შეამოწმეს. დასკვნის მიხედვით, ნაწილაკების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება და არაჯანსაღია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტის მიხედვით, დასაშვები ნორმა 0,0354 მილიგრამია მეტრ კუბში, ხოლო პარლამენტში 0,08 მილიგრამია მეტრ კუბში.

“შევამოწმეთ და ზოგ ადგილებში დასაშვებ ნორმაზე ათჯერ მეტი იყო შემცველობა. ზოგან მეტია, ზოგან ნაკლები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმების მიხედვით, ჩვენი დაფიქსირებული საშუალო მონაცემი არაჯანსაღი ჰაერის კატეგორიას განეკუთვნება. ნებისმიერ შენობაში ანალოგიური მდგომარეობაა, ბევრგან კიდევ უფრო მძიმე. ერთადერთი გამოსავალი ყველა შენობაში მოწევის სრულად აკრძალვაა,” – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე.

კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის განცხადებით, ეს მაჩვენებელი იმის კარგი მაჩვენებელია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს:

“ეს იყო სადემონსტრაციო ღონისძიება. პარლამენტში დიდი სივრცეა და ამის მიუხედავად, ამ შენობაში ჰაერის დაბინძურების ხარისხი არაჯანსაღ ნიშნულზეა. ეს აჩვენებს, თუ  რატომ უნდა აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა. მათ შორის საჯარო დაწესებულებებში, როგორიცაა პარლამენტი, მათ შორის, კვების ობიექტებში”.

მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი “თამბაქოს კონტროლის” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განიხილავს. პროექტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა.

მოწევა ასევე აიკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, მატარებელში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში, გემზე და სხვა სანაოსნო საშუალებებზე, გარდა  ტაქსის და კატერის. წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს 5 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო საჰაერო ხომალდში მოწევისთვის – 500 ლარით.

მოწევა საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო, და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზეც აიკრძალება, აგრეთვე, 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები; მოწევა აიკრძალება სტადიონებზეც.  ამ წესის დარღვევა 10-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი