ახალი ამბები

სასამართლოებში ვიდეოკამერების დაბრუნების საკითხზე პარლამენტში მსჯელობენ

12 დეკემბერი, 2012 • 1121
სასამართლოებში ვიდეოკამერების დაბრუნების საკითხზე პარლამენტში მსჯელობენ

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო/ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო/ვიდეოჩაწერის ხელმისაწვდომობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულიად დახურვის თობაზე. ასეთ შემთხვევაში აუდიო/ვიდეოჩანაწერის ასლი უნდა/შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მხარეებს, რომლებიც ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის დავით საყვარელიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სასესიო სხდომამდე ამ კანონპროექტის გადამუშავება მოხდება:

 

“ჩვენი პოზიცია ნაწილობრივ არის ნეიტრალური, ნაწილობრივ- წინააღმდეგი. ჯერჯერობით იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს ჩვენს მოსაზრებას, ამიტომ გადავწყვიტე მხარი არ დამეჭირა ამ კანონპროექტისთვის. მე ვთვლი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვისას არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგარიჟირებული იუსტიციის მინისტრის გამოსვლა, ეს არ უნდა იყოს იერიშის მაგვარი სასამართლოს წინააღმდეგ და მინიმუმ სასამართლოს ავტორიტერიტეტული და მათი აზრის გამომხატველი წარმომადგენელი უნდა ესწრებოდეს განხილვას”.

“ეს არ არის არარეგულირებადი დასწრება, რეგულირება მოხდება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის, რომ ვიდეოჩანაწერი მედიამ მოიპოვოს სასამართლო პროცესის, ამის პრობლემა აღარ იქნება. ჩაწერა მოხდება და თუ რომელიმე ტელეკომპანია ვერ შეძლებს თვითონ გადაიღოს პროცესი, მას შეეძლება მოითხოვოს ჩანაწერი,” – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ.

 

აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო–ვიდეო, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.  გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულიად დახურვის თობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე. 

 

სასამართლომდარბაზში ფოტოგადაღება, კინო–ვიდეოჩაწერა და ტრანსლაცია უნდა განხორციელდეს წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. რაც შეეხება აუდიოჩაწერას, ამის  განხორციელება ნებისმიერ პირს თავისი ადგილიდან შეუძლია. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, დაშვებელია პირადი ნივთების, მათ შორის მობილურის, კომპიუტერის, ფოტო–კინო–ვიდეო და აუდიო საშუალებების ჩამორთმევა.

 

თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, გადაღება უნდა განხორციელდეს მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი