შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც სახელმწიფო უწყებების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებს დააყენებენ – ეს იყო დღეს, 21 მარტს, ომბუდსმენის ინიციატივით გამართული შეხვედრის შედეგი.
ჟურნალისტებისთვის დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემით დაინტერესებული ორგანიზაციები დაესწრნენ, მისი მონაწილეების განცხადებით, მწვავე დისკუსია გაიმართა.
ომბუდსმენის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის მედიაცია რთული აღმოჩნდა.
“მოსაზრებები არის განსხვავებული და სწორედაც რომ რთული იყო ამ პროცესის მედიაცია. ჩვენ ვართ ერთგვარი შუამავალი ამ ორგანიზაციებს შორის იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი დადგეს და ჩვენს თავზე ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა, მათ შორის ის, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოხდეს მთელი რიგი საკითხების განხილვა,”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამ სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას 42 ორგანიზაცია მოითხოვდა მას შემდეგ, რაც 2017 წლისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების სქემა შეიცვალა. სქემის შეცვლის შედეგად, შემცირდა მწვავე შემთხვევების დაფინანსება, რაც ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების არაკეთილსინდისიერი ქმედებით ახსნა. დავით სერგეენკოს თქმით, კლინიკები ცდილობდნენ, მწვავე შემთხვევებისთვის თვიურად გამოყოფილი თანხა რამდენჯერმე მიეღოთ.
ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ დაფინანსების ასეთი წესი ხელს უწყობს სისტემაში არსებული მძიმე ვითარების გაუარესებას და პაციენტების თემზე ორიენტირებული სერვისებიდან დიდ ინსტიტუციებში დაბრუნებას, სადაც, სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, ადამიანის უფლებები ირღვევა.
მინისტრის მოადგილე: ფსიქიატრიულ პაციენტებს ხარისხიანი სერვისი მიეწოდებათ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე ფიქრობს, რომ დღეს ფსიქიატრიულ პაციენტებს ადეკვატური და ხარისხიანი სერვისები მიეწოდებათ.
“მთავარი ამოცანა, რაც ეხება ფსიქიატრიული პაციენტებისთვის მკურნალობას და ფსიქიატრიული პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისების დროულად და ხარისხიანად მიწოდებას, ჩვენი აზრით, დღეისათვის ეს უზრუნველყოფილია,”- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ.
ზაზა სოფრომაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, პირველ რიგში, იმუშავებენ ფსიქიატრიაში ბავშვთა მიმართულების განვითარებაზე და იმედი აქვს, რომ “უახლოეს მომავალში იქნება პოზიტიური ცვლილებები”.
“ცხადია, რომ ყველას გვაქვს უკეთესის სურვილი, ამისათვის დაიგეგმა ქმედითი ნაბიჯები. პირველ რიგში, ალბათ, აუცილებელი იქნება ისეთი უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნა, სადაც გარდა ჯანდაცვის სამინისტროსი მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტების, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე, სხვა დაინტერესებული პირები,”- ამბობს ზაზა სოფრომაძე.
“ხელისუფლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრიორიტეტულობას ვერ აცნობიერებს”
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე, მანანა შარაშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას და საზოგადოებას არ აქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად დიდი პრობლემებია ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემაში:
“ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ფსიქიკური ჯანრთელობის სისტემის განვითარების პრიორიტეტულობას. ამის გამო საზოგადოებაც ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი პრობლემებია ამ სფეროში და არ აყენებს ხელისუფლების წინაშე ამ პრობლემას,”- ამბობს მანანა შარაშიძე.
იგი ამბობს, რომ საჭიროა “დაფინანსების დაუყოვნებლივ მომატება”, რადგანაც, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები დიდ ინსტიტუციებში იმყოფებიან ისეთ პირობებში, რომლებიც ღირსების შემლახავია და ვერ იღებენ სათანადო ხარისხის სერვისებს.
დაფინანსების გაზრდის საჭიროებაზე საუბრობს ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” აღმასრულებელი დირექტორი ნინო მახაშვილიც.
როგორც მან აღნიშნა, დაფინანსების მოდელის ცვლილების გამო შერეული პროფილის კლინიკებში 60 “ძალიან კარგად აღჭურვილი, თანამედროვე საწოლი” დაკარგეს.
“რაც ხდება, არის ამ რეფორმის ან გაუკუღმართება, ან უკან დახევა. ის, რომ ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში დაიხურა მწვავე განყოფილებები, ეს არის ჩემთვის პრობლემა იმიტომ, რომ როდესაც მაქვს, ვთქვათ, მწვავე ფსიქოზური ეპიზოდი, მე შემეძლო, წავსულიყავი ღუდუშაურის კლინიკაში ისევე, როდესაც მექნებოდა მწვავე ენდოკრინოლოგიური პრობლემები. ახლა ამის შესაძლებლობა არ მაქვს. ეს არის, ჩვენი აზრით, დაბრუნება დიდი, ინსტიტუციური ტიპის სტაციონრებამდე. ამას ვაპროტესტებთ,”- ამბობს ნინო მახაშვილი.
“დიდი ინსტიტუციები – ადამიანის უფლებათა შემლახავი პრაქტიკა”
EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორის, ლინა ღვინიანიძის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფო განხორციელებული ცვლილებებით პაციენტების დიდ ინსტიტუციებში დაბრუნებას უწყობს ხელს.
“ადამიანის უფლებების პრაქტიკა და თეორიაც ამბობს და სახელმწიფოც აღიარებს თავის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით, რომ მისი ხედვა არის დიდი ინსტიტუციების დახურვა – რაღაც ეტაპზე ამ ქვეყანაში უნდა დადგეს მომენტი, როდესაც ინსტიტუციებში ადამიანების წლობით ცხოვრება ჩაითვლება ნამდვილად მძიმე და ადამიანის უფლებების შემლახავ პრაქტიკად. სახელმწიფო დეკლარირებას აკეთებს, რომ მათი ხედვა არის ასეთი, თუმცა მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით არის ძალიან სუსტი. უფრო მეტიც, ჩვენ ვნახეთ მცირე ცვლილება, რომელმაც შედეგობრივად გამოიწვია დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის დაბრუნება ინსტიტუციონალიზაციაში – სწორედ ეს არის მთავარი, რაც ჩვენ ძალიან გვაშფოთებს. თავად ინსტიტუციები არის ადამიანის უფლებათა შემლახავი პრქტიკა, ის არ არის ბენეფიციარზე ორიენტირებული, ის არ არის ადამიანის უფლებებათა რეალიზების საშუალება. ის არის ყველაზე ცუდი მეთოდი, რითაც შეიძლება სახელმწიფო სერვისს აწოდებდეს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს,”- განაცხადა ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.
როგორც ლინა ღვინიანიძემ შეხვდრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან მათ ამ შეცდომის აღიარება არ მოუსმენიათ.
“სამინისტრო ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ ამ ცვლილებებს არ მოჰყოლია დრამატული შედეგები იმ ჯგუფისთვის, რომელსაც მიემართება ეს სერვისები. ბუნებრივია, ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზარებთ და ვცდილობდოთ დაგვესაბუთებინა სამინისტროსთვის, რომ ნამდვილად მძიმე ეფექტები ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას და სფერო არის მძიმე მდგომარეობაში. საბოლოოდ სამინისტრომ ჩვენთან საუბარში აჩვენა მზაობა, რომ ერთი შეხედვით, შეიძლება სამუშაო ჯგუფის ფორმატი იყოს გამოსავალი ამ პროცესიდან, თუმცა ჩვენ ნამდვილად ველოდით ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მათი მხრიდან მეტ აღიარებას, რომ ნამდვილად ამ გადაწყვეტილებამ მძიმე შედეგები დააყენა, მიუხედავად იმისა, რა იყო სამინისტროს განზრახვა, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდა,”- განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.