42 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებათა დაფინანსების წესის შეცვლას აპროტესტებენ.
ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ჯანდავის კომიტეტებმა საპარლამენტო კონტროლი განახორციელონ საქართველოს მთავრობის საქმიანობაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით და უახლოეს დღეებში დანიშნონ გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა. მათივე მოთხოვნის თანახმად, სხდომაზე უნდა მოიწვიონ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, სათემო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა:
[checklist]
- ამცირებს მწვავე შემთხვევების სტაციონარული მომსახურების დაფინანსებას, რამაც გამოიწვია მრავალპროფილური კერძო საავადმყოფოების ფარგლებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებების ფუნქციონირების შეწყვეტა;
- საფრთხის წინაშე აყენებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ბოლო წლებში დაწყებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს;
- დღემდე აღუსრულებელი რჩება სახელმწიფოს მიერ კონცეფციითა და გეგმით გაცხადებული ხედვის დიდი ნაწილი, მათ შორის, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება.
- ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების ნაცვლად, ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფის იზოლაციისა და სეგრეგაცია ხდება.
[/checklist]
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკო დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანა ზოგიერთი კლინიკის არაკეთილსინდისიერი ქმედებით ახსნა.
ორგანიზაციები კი განხორციელებულ ცვლილებებს “მექანიკურად მიღებულს” უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ ცვლილებების შემუშავებაში ჩართული არ ყოფილან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, სათემო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები და სერვისის მიმწოდებლები.
“დღეს პაციენტების მიღება შეწყვეტილი აქვს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს და მე-5 კლინიკურ საავადმყოფოს. ფუნქციონირებას დროებით აგრძელებს მე-5 კლინიკური საავადმყოფოს 10 -ადგილიანი ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილება, რომელიც ერთადერთია მთელ საქართველოში… ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა დიდი ნაწილი მომსახურების გარეშე დარჩა, ნაწილი კი იძულებულია, მომსახურება მიიღოს დიდი ზომის ინსტიტუციებში, რაც ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს,”- აცხადებენ ორგანიზაციები.
ორგანიზაციების განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის ძირითად სისტემაში უნდა იყოს იტეგრირებული. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან მცირე, მაგრამ მნიშნელოვან პროგრესად შეფასდა დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა და ფსიქიატრიული განყოფილებების გახსნა მრავალპროფილურ საავადმყოფოებში. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2013 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება. ამ კონცეფციის თანახმად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარება, მომავალი 10 წლის განმავლობაში, ნაცვლად დიდი ზომის ინსტიტუციებში იზოლაციისა, მიმართული უნდა იყოს დაბალანსებული ზრუნვის სისტემის განვითარებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებაში ჩართვაზე.
“სახელმწიფოს მიერ კონცეფციითა და გეგმით გაცხადებული ხედვის დიდი ნაწილი, მათ შორის, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, დღემდე აღუსრულებელი რჩება. ასევე, ნაცვლად ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი რესურსების მობილიზებისა, მთავრობა ნაბიჯებს ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფის იზოლაციისა და სეგრეგაციისაკენ დგამს. მიგვაჩნია, რომ მთავრობის დადგენილების საფუძველზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დაფინანსების შემცირება და ამის შედეგად ფსიქიატრიული განყოფილებების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებების დარღვევას, საფრთხის წინაშე აყენებს აღნიშნულ სფეროში აქამდე განხორციელებულ რეფორმებს და აზიანებს დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებას. შედეგად კი, ქვეყანა დიდი ზომის ინსტიტუციების პრაქტიკის კვლავდამკვიდრების რისკის წინაშე აყენებს,”-აცხადებენ ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია – (GANH);
- ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო OSGF;
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის – (პსკ);
- ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება;
- პარტნიორობა ბავშვებისთვის;
- ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა (СWL);
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
- პირველი ნაბიჯი საქართველო;
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის ;
- არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი;
- დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია (DGFG);
- ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი – (აპკ);
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
- საქართველოს ბავშვები;
- ასოციაცია „დეა“;
- ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC);
- შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო;
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია;
- ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის;
- ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში -თბილისი (GIP-T)
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD);
- თელავის შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი;
- საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა;
- საქართველოს აუტიზმის ასოციაცია;
- საქართველოს აუტიზმის კვლევის და ხელისშეწყობის ფონდი;
- მშობელთა საინფორმაციო ცენტრი (PIC);
- კავშირი „ჩვენი შვილები“;
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია;
- შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“;
- მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრი;
- მშობელთა ხიდი;
- კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
- საზოგადოება „ბილიკი“;
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO);
- გორის „კეთილდღეობისა და განვითრების ცენტრი“;
- საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი;
- ასოციაცია „ანიკა“;
- მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრი;
- სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები:
- ლელა ჯანაშია.
- მაკა ჯანიაშვილი;
- ირინე იაშვილი;
- ნინო ნიკაბაძე;
- ნათია პაპიძე;
- ლევან ბარბაქაძე;
- დემურ ფარცხალაძე;
- ნინო კირეულიშვილი;
- ნინო ნორაკიძე;
- ბაია (ნანა) დავითაია;