ახალი ამბები

სერგეენკო: აჟიოტაჟის უკან ფსიქიატრიული კლინიკების ფინანსური ინტერესები დგას

24 იანვარი, 2017 • 1767
სერგეენკო: აჟიოტაჟის უკან ფსიქიატრიული კლინიკების ფინანსური ინტერესები დგას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების ირგვლივ  ატეხილი “აჟიოტაჟის” უკან კლინიკების ფინანსური ინტერესებია.

ეს განცხადება დავით სერგეენკომ 24 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ჯანდაცვის სამინისტროსთან 23 იანვარს გამართული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობის 2017 წლის პროგრამა ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციას აფერხებს და ბენეფიციარების ინტეგრაციას ხელს უშლის. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მწვავე შემთხვევების დაფინანსება 40%-ით შეამცირა, თემზე დაფუძნებული სერვისების ბიუჯეტი კი  არ გაზარდა.

დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ბიუჯეტი არ შემცირებულა, თუმცა შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია:

“მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც ქრონიკული დაავადება მწვავდება და პაციენტს აქვს მწვავე ფსიქოზი, ასეთ შემთხვევაში, ის აბსოლუტურ უმრავლესობაში საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. სტაციონარში მკურნალობის ანაზღაურების მეთოდი იყო ერთი შემთხვევის მართვა ფიქსირებულად იმ ერთი თვის განმავლობაში. კლინიკებში ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ არცთუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე, ის ამ ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში იმისათვის, რომ ამ კლინიკებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოეწერათ ზედმეტი თანხა. ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე. მწვავე ფსიქოზის დროს პაციენტს განსაკუთრებული მოვლა და განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდება. სამწუხაროდ, ამის უკან დგას რეალურად ფინანსური ინტერესები და იმ კლინიკების ინტერესები, რომლებიც ყველაზე მეტად ხმაურობენ,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამას არ აქვს დოგმატური ფინალი და მასში შეიძლება ნებისმიერ დროს შევიდეს ცვლილება.

“რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, გამოიკვეთა სამი ჯგუფი, ერთი- ადამიანები, რომლებიც რეალურად გულშემატკივრობენ ამ პაციენტებს, თუმცა, არ არიან ყველა დეტალში ჩახედული და ჩვენ სიამოვნებით გავაცნობთ ამ დეტალებს. მეორე, რომლებსაც ამოძრავებთ გარკვეული ხეირი და მესამე, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რომლებმაც ოღონდ რაღაც ნეგატივი წამოწიონ ზემოთ,”- აცხადებს დავით სერგეენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი