ახალი ამბები

აბაშიძე: შეხვედრა, სავარაუდოდ, შვეიცარიაში შედგება კარასინთან

10 დეკემბერი, 2012 • 1059
აბაშიძე: შეხვედრა, სავარაუდოდ, შვეიცარიაში შედგება კარასინთან

“ბატონმა ლავროვმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უახლოეს დროში იგეგმება შეხვედრა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის. ვადასტურებთ, რომ ასეთი შეხვედრა ნამდვილად იგეგმება. ჩენ მზად ვართ რუსეთთან ვაწარმოოთ კონსტრუქციული დიალოგი, შეხვედრა შედგება ევროპაში, თუმცა ადგილი და დრო უცნობია. სავარაუდოდ, ეს ქვეყანა იქნება შვეიცარია, ვინაიდან, სანამ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, შვეიცარია არის შუამავალი”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

აბაშიძის თქმით, ეს იქნება არაფორმალური, ერთი ერთზე შეხვედრა:

 

“რუსეთის მხარეს გრიგორი კარასინი – საგარეო უწყების მეორე პირი წარმოადგენს, სავარაუდოდ. აღნიშნული შეხვედრა იქნება უფრო მეტად ტექნიკური და საორგანიზაიო ხასიათის, სადაც ვისაუბრებთ, როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი. ჩვენი აზრით, არანაირი წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს რუსეთს. ქართული მხარე წინაპირობებს არ აყენებს და ველით, რომ არც რუსეთი დააყენებს,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

მისივე განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ხელშესახები, რეალური შედეგები სწრაფად არ იქნება მიღწეული:

 

“თუმცა პირველ ეტაპზე წარმოგვიდგენია, რომ რუსეთის მხრიდან პირველის ნაბიჯი იყოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, მაგრამ ადრე თუ გვიან ნოგვიწევს რთულ საკითხზებზე საუბარი.”

 

გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მხარე საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდება. 

 

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე დისკუსიის დასაწყებად. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი განაახლოს. 

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა და საქართველო და რუსეთი შვეიცარიის შუამდგომლობით ურთიერთობენ ამ დროის მანძილზე.

 

საქართველოს ახალი მთავრობის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მანამდე არ აღდგება, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი არ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი