ახალი ამბები

ალასანია: ზუგდიდის არჩევნების შედეგების გადახედვა არ იგეგმება

9 დეკემბერი, 2012 • • 1713
ალასანია: ზუგდიდის არჩევნების შედეგების გადახედვა არ იგეგმება

“სამეგრელოში მართლაც მოხდა არნახული ძალადობა იმდროინდელ ოპოზიციურ ძალებზე, იყო ძალიან დიდი კონცენტრირება სპეციალური დანიშნულების ძალების, სხვადასხვა პოლიციური სტრუქტურების, ზონდერების და ა.შ. მოკლედ იყო ძალადობის არნახული მასშტაბი და ჩვენ სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, შემდეგ აპელაციაც შევიტანეთ, მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელები იხილებოდა, ჯერ კიდევ სასამართლო შორს იყო დამოუკიდებლობისგან, ამიტომ კანონის შესაბამისად ჩვენ ყველა გზა ამოვწურეთ. ბუნებრივია, ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები და ასევე, როგორც ხელისუფლება, რომელიც უნდა ვამკვიდრებდეთ კანონისადმი და ინსტიტუციებისადმი პატივისცმას, მათ შორის არასამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, ჩვენ სხვა გზას არასდროს მივმართავთ და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც მთლიანად შეიცვლება არჩევნების ჩატარების კულტურა ქვეყანაში და მომავალი არჩევნებისთვის ძალიან ბევრი რამ გვაქვს მოსასწრები საარჩევნო სიების დახვეწის კუთხით და  ეს შესწავლილი იქნება, ყველაფერი ნათელი მოეფინება. ჩვენ არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ, უბრალოდ ის უსამართლობა მართლაც შედგა და ის მოპარული არჩევნები სადაც იყო, ეს ყველაფერი საზოგადოებისვის ცნობილი გახდება”– განაცხადა, გადაცემა  “პოსტსკრიპტუმის” ეთერით ირაკლი ალასანიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე სიტყვთ გამოსვლისას  პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში  კოალიცია “ქართული ოცნების” სამეგრელოში დამარცხებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

 

“დასანანი შედეგი მივიღეთ სამეგრელოში რატომღაც და ეს კვლევას საჭიროებს შემდგომში. ძალიან დიდი მუხტი იყო ზუგდიდში, როდესაც ჩვენ შეკრება გავაკეთეთ. იქ რაღაც მოხდა, რაღაც ვერ გავითვალისწინეთ, სადღაც მოგვატყუეს, ვერ მოვახერხეთ სერიოზული დარღვევის დაფიქსირება, მე დღემდე არ მჯერა და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამეგრელოში გამარჯვებას, ყველაზე მეტი ენერგია ამაზე დავხარჯე “– განაცხადა პრემიერმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის  კანდიდატთან  როლანდ ახალაიასთან დამარცხდა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი